ახალი ამბები მთავარი სამართალი

დეკანოზის სიტყვა: “აქ სიმართლის დამტკიცება ბერას დაწერილ სტატუსზეა დამოკიდებული”

“მეტრონომი” სასამართლო პროცესიდან:

 

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სააპელაციო სასამართლოს წინაშე სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, დღეს ის დასჯილია არა დანაშაულის გამო, არამედ იმისთვის, რომ პატრიარქმა მისი თანამდებობაზე დანიშვნით ცალკეულ პირებს შეუზღუდა ეკლესიის ქონებაში უხეში ჩარევა:

 

”არ შემიძლია გულისტკივილი არ გამოვხატო ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენელთა უპასუხისმგებლო განცხადებების გამო. დღეს თქვენ იწყებთ სააპელაციო სარჩელის განხილვას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და მთავარმა პროკურატურამ დამკვეთთა ნებასურვილისამებრ შექმნეს. საქმის შესწავლისას ნახავთ დაკითხულ 100-ზე მეტ მოწმეს და გამოკვლეულ 11 ტომ მტკიცებულებას, სადაც არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მე ვინმეს მკვლელობას ვგეგმავდი და არც მტკიცებულება არსებობს ამისა.

თვით საქმის მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე, ამბობს, რომ არაა დარწმუნებული მზადდებოდა თუ არა დანაშაული. ის უბრალოდ ვარაუდობს ამას. ვიღაცის ვარაუდებზე ასეთი მძიმე ბრალი და სასჯელი გაგონილა?! ბრალდება ამტკიცებს, რომ მე მქონდა ციანიდი, რომელიც თითქოსდა ჩემს ჩანთაში აღმოაჩინეს. ეს სიცრუეა, რადგან მე ის ავადსახსენებელი ნივთიერება არ მქონია. მე არ უარვყოფ რომ ამ ნივთიერებით ვიყავი დაინტერესებული, რადგან ის შორენა თეთრუაშვილმა მთხოვა. სამწუხაროა რომ მან ეს ფაქტი უარყო. რაც შეეხება ამოღებულ ციანიდს- პროკურატურამ არ ჩაატარა დნმ-ის და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა. სამაგიროდ ექსპერტიზა ჩაუტარეს ფარატინა ფურცელს, სადაც ეწერა “კალიუმის ციანიდი”, რაც კითხვის ნიშნებს ბადებს. არ მოგვეცა შესაძლებლობა მოგვეპოვებინა მთავარი მტკიცებულება – აეროპორტის ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები,  რითაც დამტკიცდებოდა სუს-ისა და პროკურატურის უკანონო ქმედებები, როგორც ჩემს მიმართ, ასევე ბარგის ამოღებისას.

 

ამ უკანონო მოქმედებების დაფარვის მიზნით, ბრალდებამ აღნიშნული ჩანაწერების ამოღება და საქმეზე დართვა მიზანშეწონილად არ მიიჩნია, მაშინ როცა საქმეს დაურთო ჩემი სახლის გასაღების მეპატრონეზე გადაცემის ვიდეოკადრები. დაკავებიდან მეორე დღეს, 11 თებერვალს წარმიდგინეს ბრალი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების შესახებ. მიუხედავად ამისა, 13 თებერვალს მთავარმა პროკურორმა შოთაძემ საზოგადოების წინასწარი განწყობის შექმნის მიზნით გააკეთა განცხადება, რომლითაც საზოგადოებას პატრიარქის მკვლელობის მცდელობის  აღკვეთაზე მიანიშნა. საზოგადოების წინასწარ განწყობასვე ემსახურებოდა, პროკურატურის მიერ, მიმდინარე წლის 8 მარტს, სინოდის სხდომის წინა დღეს, საზოგადოებისთვის დამონტაჟებული მასალების გაცნობა.

გაუთქმელობის პირობიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა დაცვას კონტრარგუმენტები წარმოედგინა. აეროპორტიდან გატაცებიდან დღემდე ვიმყოფები სისტემატიური ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. გატაცების მომენტიდან მთელი საგამოძიებო პროცესის დროს, მიუხედავად წარდგენილი ბრალისა, ჩემი ადვოკატების თანდასწრებით ითხოვდნენ მეღიარებინა პატრიარქის მკვლელობის მომზადება და მასში მიტროპოლიტ დიმიტრისა და იოსებ ოხანაშვილის მონაწილეობა. სანაცვლოდ, ფსევდო თანამშრომლობისთვის, თავისუფლებას მპირდებოდნენ. აღნიშნულის გამო პროკურატურის წარმომადგენლებსა და ადვოკატებს შორის სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა. სისტემატიური ზეწოლისა და დაშინების მცდელობაა, ჩემს ოჯახზე, მოწმეებსა და ადვოკატებზე. რამდენიმე კვირის წინ, თავდასხმა მოხდა ჩემს ძმაზე. მუქარის შეტყობინებები მიიღო ჩემმა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ. მოწმე ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა ზეწოლის შესახებ პენიტენციურ დაწესებულებაში, რათა მას არ მიეცა ჩვენება სასამართლოში, ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენების მიცემის შემდეგ კი საქმე აღძრეს მის წინააღმდეგ. დაშინების მცდელობა იყო მისი მეუღლის და შვილის მიმართ. ჩემი ადვოკატები დაიბარეს ტელევიზიით გავრცელებული დახურული სხდომის მასალების გამო პროკურატურაში და სასამართლოში, რეალურად კი აღმოჩნდა, რომ მოსამართლე ბუგიანიშვილმა, სხვა საქმის პროკურორს გადასცა აღნიშნული მასალა, ხოლო პროკურორმა დაულუქავად გადასცა ნომერ მეცხრე პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას.

მიტროპოლოტმა დიმიტრიმ 5 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროკურორები სასურველი ჩვენების მისაღებად მასზე ახდენდნენ ზეწოლას. 7 თვის მანძილზე, პროკურორის გადაწყვეტილებით აკრძალული მქონდა ოჯახთან ყველანაირი კომუნიკაცია. პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია ახდენს ჩემს რელიგიურ დისკრიმინაციას. დღემდე არ მეძლევა შესაძლებლობა შევიმოსო ჩემი რელიგიური შესამოსელით და, ასევე, უფლებას არ მაძლევს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ ტაძარში აღსრულებულ მსახურებაზე დავესწრო.  სამწუხაროდ, მე დღეს დასჯილი ვარ არა დანაშაულის გამო, არამედ იმისთვის, რომ მისმა უწმინდესობამ ჩემი თანამდებობაზე დანიშვნით, ცალკეულ პირებს შეუზღუდა ეკლესიის ქონებებში უხეში ჩარევა.

 

სამწუხაროა მაგრამ ფაქტია, ქვეყნის პირველი მოსამართლე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ზეწოლის მსხვერპლია. სახალხო დამცველს აკრიტიკებენ, რადგან, მან ციანიდის საქმეზე თქვა, რომ მართლმსაჯულება არ აღსრულდა. ჩვენს ქვეყანაში სიმართლის დამტკიცება და თავისუფლების მოპოვება ბერა ივანიშვილის სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსზეა დამოკიდებული. ჩვენ გვყავს მთავარი პროკურორი, რომელიც უკანონოდ და უსამართლოდ დასჯილი ბატონი გვიჩიანის და ასევე – მოლაშვილის ბრალმდებელი იყო”- აღნიშნა დეკანოზმა.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. მას 5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 9 წლით პატიმრობა პატრიარქის მდივან-რეფერნტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის მიუსაჯა.

ავტორი: ნინო ცხადაია

 

 

 

იტვირთბა....