ახალი ამბები მთავარი სამართალი

მუხაშავრია: ახლა სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიცია შეუძლებელი იქნება

იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია „მეტრონომთან“ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ახლა საქართველოსთან შედარებით უფრო მძიმე ბრალდებები წაუყენეს, ამიტომაც, მისი საქართველოში ექსტრადიცია შეუძლებელი იქნება.

უფლებადამცველი ფიქრობს, რომ ჯერჯერობით ამ ბრალდებების გამოძიება უკრაინაში უნდა მოხდეს და ამის შემდეგ გამოჩნდება მოხდება თუ არა მისი საქართველოსთვის გადმოცემა. თუმცა იურიტის განცხადებით, თუ ის ამ ბრალდებაში დამნაშავედ სცნეს, მაშინ მისი საქართველოსთვის გადმოცემა წარმოუდგენელი იქნება.

„არ მგონია, რომ პოროშენკოს საქართველოში ყოფნის დროს ეს სცენარი დაგეგმილიყო. მე მგონია, რომ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტმა მოქალაქეობა სრულიად გასაგები მიზეზის გამო ჩამოართვა. სააკაშვილმა, როდესაც მოქალაქეობა ითხოვა, მან დამალა, რომ მასზე საქართველოში სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძრული. დღეს ფაქტია, რომ მას უკრაინაში უფრო მძიმე ბრალდებებისთვის ედავებიან. შესაბამისად მისი საქართველოში ამ ეტაპზე ექსტრადირება შეუძლებელი იქნება.

უკრაინულ მახრეს სერიოზული მტკიცებულებები რომ არ ჰქონდეს, ყოფილი პრეზიდენტის დევნას ასე ადვილად ვერ გარისკავდა. გენპროკურორი ასე თავს არ შეირცხვენდა. ტიმოშენკოსთან დაკავშირებით უკრაინამ ერთხელ თავი შარში უკვე გაყო და ევროსასამართლოსგან შესაბამისი გადაწყვეტილებაც გვახსოვს. სააკაშვილმა 2008 წელს პუტინის საქმე უკვე გააკეთა, შესაბამისად, არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ  უკრაინის შემთხვევაშიც მის საქმეს აგრძელებდეს“,-ამბობს მუხაშავრია „მეტრონომთან“.

 

უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდივანის ლარისა სარგანმის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ეძებენ, რომლებშიც შედის: დანაშაულის მცდელობა; პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული წინასწარი შეთანხმებით; დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეებისთვის დახმარების გაწევა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა.

„სააკაშვილი ძებნაშია და ის ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში, რომელიც გათვალისწინებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით, 28-ე მუხლის მეორე ნაწილით და 256-ე მუხლის მეორე ნაწილით“, – განაცხადა გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა.
მიხეილ სააკაშვილს ეროვნული პოლიცია და უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ეძებს.

შეგახსენებთ, სამართლადამცველები გუშინ, სააკაშვილის სახლში მივიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი სახლის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა. მოგვიანებით, ის სამართალდამცველებმა სახურავიდან ჩამოიყვანეს და ბორკილებდადებული ავტომობილში ჩასვეს.

სააკაშვილის მომხრეებმა იმ ავტომობილს, რომელშიც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, მინები ჩაუმტვრიეს და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა რადასთან საპროტესტო აქციები დაიწყეს.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....