ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „მეტრონომის“ ვიდეობლოგში, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე საუბრობს, რომელიც თითქმის 23 საათს გაგრძელდა და რომლის შედეგადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი 3 პირი ლიკვიდირებულია, ხოლო 1 სპეცრაზმელი კი დაღუპული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს, რომ ერთ-ერთი ლიკვიდირებული ახმედ ჩატაევია. სუს-ის წარმომადგენლის, ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, ტერორიზმში ეჭვმიტანილებს საიდენტიფიკაციო დოკუმენტები თან არ ჰქონიათ. შესაბამისად, დანარჩენი ორი ლიკვიდირებულის ვინაობა ცნობილი არ არის.
რა იყო მათი საქართველოში ყოფნის მიზეზი და როგორ მოახერხეს ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა, სუს-ის ინფორმაციით, ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება და პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ზაალ ანჯაფარიძე ლოგიკურ კითხვებს სვამს: როგორ მოახერხეს ტერორიზმში ეჭვმიტანილებმა საქართველოში შემოსვლა; რამდენად დაცულია ჩვენი ქვეყნის საზღვარი; შეიძლება თუ არა გვქონდეს განცდა, რომ ქვეყანაში დესტრუქციული განზრახვების მქონე პირები შემოვიდნენ და შესაძლებელია თუ არა მყუდრო და უსაფრთხო თბილისი ტერორისტების სამიზნე გახდეს?