თბილისის მერი კახა კალაძე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მშობლებს მოუწოდებს, 8 დეკემბერს, თბილისის მერიაში დაგეგმილ შეხვედრას დაესწრონ, რომელსაც მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი გამართავს.
კახა კალაძის თქმით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური მზადაა, მშობლებს ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.
„ვიცით, რომ ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა და ამ მიმართულებით დიდი ინტერესი არსებობს. აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებს მინდა მივმართო, რომ 8 დეკემბერს, შეუძლიათ მერიაში, გელა ჩივიაშვილთან შეხვედრაზე მობრძანდნენ. შეხვედრაზე პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ, რომლებიც ამ მიმართულებით განხორციელდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათი ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“- აგანცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერიაში აღნიშნული შეხვედრა 8 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.