ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრემიერი: ეს არის ტრაგედია, რომელმაც დაგვაფიქრა თუ როგორ დაუნდობლად სწირავენ ჩვენი ახალგაზრდები ერთამენთს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გარდაცვლილი მოზარდების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

როგორც პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია აღნიშნული, მთელი საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ, რათა მშვიდი და ჯანსაღი გარემო იყოს საყოველთაო და გარანტირებული ყველასთვის და პირველ რიგში, ჩვენი მომავალი თაობისთვის.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ მიმართულებით წამყვანი როლი ეკისრება განათლების სისტემის გარშემო ჩვენს კონსოლიდაციას, რომ მოხდეს პრობლემების სწორი იდენტიფიცირება და შესაბამისი გზების დასახვა.

„უკიდურესად შეძრწუნებული ვარ გუშინ თბილისში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რასაც ორი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა. სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებს, ახლობლებსა და მეგობრებს. ეს არის საერთო ტრაგედია, რომელმაც ყველა შეგვძრა და კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა იმაზე, თუ როგორ მივედით იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები ასე სასტიკად და დაუნდობლად წირავენ ერთმანეთს. ჩვენ, ყველანი ერთად, მთელი საზოგადოება, უნდა გავერთიანდეთ, რათა მშვიდი და ჯანსაღი გარემო იყოს საყოველთაო და გარანტირებული ყველასთვის და პირველ რიგში, ჩვენი მომავალი თაობისთვის. ამ მიმართულებით წამყვანი როლი ეკისრება განათლების სისტემის გარშემო ჩვენს კონსოლიდაციას, რომ მოხდეს პრობლემების სწორი იდენტიფიცირება და შესაბამისი გზების დასახვა. ეს არის თემა, რომელსაც მხარე არ ყავს! ამ უმძიმეს წუთებში მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენ ერთობლივი ძალებით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი ტრაგედია აღარ განმეორდეს“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი გუშინ დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ცოტა ხნის წინ, სამწუხაროდ მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელსაც სამართალდამცველები სწავლობენ. თვითმხილველთა თქმით, სისხლიან გარჩევაში 15-ამდე მოზარდი მონაწილეობდა.

16 წლის მოზარდს სავარაუდოდ ბრალს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რამდენიმე საათში წარუდგენენ.

იტვირთბა....