საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე, ორი მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკანასკნელ წლებში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არაერთი რეფორმა გატარდა. მიუხედავად ამისა, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია სამართალდამცავი ორგანოებისთვის კვლავ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება.
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალადობის თითოეულ ფაქტზე უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს. ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი უმთავრესი ამოცანაა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოება, განსაკუთრებით არასრულწლოვნები, იყვნენ დაცულნი. ამავე დროს, მნიშვნელოვანია თავად საგანმანათლებლო სისტემის როლი არასრულწლოვნების აღზრდაში და მათი ცნობიერების ჩამოყალიბებაში. გასაძლიერებელია საზოგადოების, მათ შორის პედაგოგების, ფსიქოლოგების და მშობლების ერთობლივი ძალისხმევა ამ მიმართულებით. დასახვეწია მანდატურების ინსტიტუტიც, რათა მათ უზრუნველყონ არა მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა, არამედ იმ კონფლიქტების პრევენცია, რომლებიც საგანმანათლებლო სივრცეში იწყება და პოტენციურად შესაძლოა ამ სივრცის გარეთ გაგრძელდეს,”- ნათვქამია წერილში.
შეგახსენებთ, რომ
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი გუშინ დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ცოტა ხნის წინ, სამწუხაროდ მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელსაც სამართალდამცველები სწავლობენ. თვითმხილველთა თქმით, სისხლიან გარჩევაში 15-ამდე მოზარდი მონაწილეობდა.