საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი მეორე მოზარდის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს. როგორც მინისტრმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ყველაფერს იღონებს, რათა აღარასდროს დავუშვათ მსგავსი ტრაგედია.
“გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ ყველა ჩვენგანს გვაერთიანებდა იმედი, რომ მოხერხდებოდა მძიმედ დაჭრილი მოსწავლის გადარჩენა.
სამწუხაროდ, არაერთი ექიმის თავდაუზოგავი, ოცდაოთხსაათიანი ბრძოლის მიუხედავად, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ოჯახმა, მეგობრებმა, მთლიანად საზოგადოებამ კიდევ ერთი ახალგაზრდა ადამიანი დავკარგეთ.
ამ უმძიმეს წუთებში თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილი მოსწავლის მშობლებსა და ახლობლებს.
სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ყველაფერს იღონებს, რათა აღარასდროს დავუშვათ მსგავსი ტრაგედია.”- ნათქვამია მიხეილ ჩხენკელის განცხადებაში.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი გუშინ დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ცოტა ხნის წინ, სამწუხაროდ მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელსაც სამართალდამცველები სწავლობენ. თვითმხილველთა თქმით, სისხლიან გარჩევაში 15-ამდე მოზარდი მონაწილეობდა.