ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლუბლიანას ქუჩაზე კაცი ყოფილ მეუღლეს თავს დაესხა და პოლიციას ცეცხლი გაუხსნა

ლუბლიანას ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანია დაჭრილი.

“ინტერპრესსნიუსის” ინფორმაციით, ლუბლიანას #11-ში მამაკაცი იარაღით ემუქრებოდა ქალბატონს, რის გამოც ქალმა პატრული გამოიძახა. პატრულის გამოჩენისთანავე მამაკაცმა ცეცხლი გახსნა.

შსს-შ აცხადებენ, რომ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე ოჯახური კონფლიქტი იყო.

პატრულ-ინსპექტორის კახა ტაბატაძის თქმით, მამაკაცმა, რომელიც საპასუხო ცეცხლის შედეგად მსუბუქად დაიჭრა, ქალბატონსაც ესროლა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს. წინასწარი ინფორმაციით, მითითებულ მისამართზე შეირაღებული პირი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე მისვლისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ 1961 წელს დაბადებული ბ.ბ. ყოფილ მეუღლეზე – 1961 წელს დაბადებულ ნ.კ.-ზე ძალადობდა. ბ.ბ.-მ პოლიციელების დანახვისთანავე ცეცხლი გახსნა და მათი მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. ამის შემდეგ, ამავე იარაღიდან გასროლით, მან სახის არეში დაჭრა ყოფილი ცოლი. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა საპასუხო გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ბ.ბ.-მ, წინასწარი ინფორმაციით, სხეულის დაზიანება მიიღო. ორივე დაჭრილი დაუყოვნებლივ იქნა საავადმყოფოში გადაყვანილი. ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, – განაცხადა შსს-მ

მომხდარის გამო ლუბლიანას ქუჩა გადაკეტილი იყო. ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია.

იტვირთბა....