ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ეს არ არის პროცესი, ეს არის კომედია“: აფგან მუხთარლი სასამართლო სხდომაზე

აზერბაიჯანში, ბელაქანის ოლქში თბილისში გაუჩინარებული  ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესი გაიმართა. ბრალდება მას საზღვრის უკანონო კვეთას, კონტრაბანდას და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევას  ედავება.

„ეს არ არის პროცესი, ეს არის კომედია“- ასე შეაფასა მუხთარლიმ მიმდინარე პროცესი.

მუხთარლის ადვოკატმა პროცესზე 9 შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მხოლოდ ერთი დაუკმაყოფილა, რომელიც ბრალდებულის ადვოკატის გვერდით ჯდომას ეხებოდა. დანარჩენი რვა შუამდგომლობა, მათ შორის საზღვარზე არსებული ვიდეომასალის საქმისთვის დართვა, ექსპერტიზის ჩატარება  მტკიცებულების სახით ამოღებულ ფულზე, არ დაკმაყოფილდა.

„აფგან მუხთარლი იძიებდა მმართველი ოჯახის კორუფციულ სქმეებს და აქვეყნებდა მას. თვლის, რომ მისი დაკავების მიზეზი სწორედ ეს არის. დღეს რამდენიმე შუამდგომლობა დავაყენეთ, მათ შორის იმაზე, რომ სისხლის სამართლის საქმე მტკიცებულებების არარსებობის გამო დასრულებულიყო. საქართველოს პრეზიდენტის 11 სექტემბერს გაკეთებული განცხადება, ასევე ევროპარლამენტის დეპუტატების მიერ მიღებული რეზოლუცია მოწმობს, რომ აფგან მუხთარლი იყო მოტაცებული საქართველოდან. ჩვენ ვთვლით ჩვენი ეს მტკიცებულებები საკმარისზე მეტია, თუმცა სასამართლომ ისინი მხედველობაში არ მიიღო,“-განაცხადა აფგან მუხთარლის ადვოკატმა ნიმათ კარიმლიმ.

აფგანმუხთარლის საქმის განხილვა 14 დეკემბერს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოში გაუჩინარდა, ამჟამად ბაქოშია დაკავებული. საქართველოს შსს გამოძიებას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აწარმოებს. აზერბაიჯანის პროკურატურამ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ბრალი სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით წაუყენა.

იტვირთბა....