საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბერს, ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ესპანეთის სამეფოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეს აქტიური თანამშრომლობის შედეგად, გამოვლენილი და დაკავებულია ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფი.
უწყების ცნობით, ესპანეთის სამეფოს ქალაქებში – მადრიდსა და ბარსელონაში ერთდროულად ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც დაკავებულია 23 პირი, მათ შორის – საქართველოს 19 მოქალაქე.
დაკავებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა, ბინის ქურდობა და ფულის გათეთრება.
ესპანელმა სამართალდამცველებმა, სპეცოპერაციის შედეგად, დიდი რაოდენობით ფული და ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.