„მთელი დემოკრატიული სამყარო პატივს სცემს ამ სასამართლოს გადაწყვეტილებებს. მე პირადად დავინახე რა მოხდენილად შეაცურე ამ გადაწყვეტილებაში პოლიტიკური მოტივი და ახსენე პოლიტიკური ნიშნით დევნა”- მიმართა პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ვანო მერაბიშვილის ადვოკატ ოთარ კახიძეს.
მისი თქმით, სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ მერაბიშვილის პოლიტიკიდან ჩამოცილების და პოლიტიკური ნიშნით დევნის მოტივი არ ყოფილა.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, განაცხადა, რომ მერაბიშვილის საქმეზე იუსტიციის მინისტრის შეფასებამ ჩრდილოეთ კორეის ტელეწამყვანი გაახსენა, რომელმაც ბრაზილიასთან მატჩში ჩრდილოეთ კორეის გუნდი გამარჯვებულად გამოაცხადა.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის პატიმრობას ხელისუფლება იყენებდა მისგან ინფორმაციის გამოძალვის მიზნით – მას სთხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ინფორმაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ხანგრძლივი პატიმრობით ემუქრებოდნენ.