აჭარის ტელევიზია პროკურორზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, ქობულეთში დაკავებულ ეჭვმიტანილ ქალს ეხება.
ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ
უკვე იმსჯელა. პროკურორმა პროცესზე განაცხადა, რომ მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები, იმისათვის, რომ გაირკვეს, ჰქონდა თუ არა კავშირი დაკავებულს თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა
ამოღებულია ბრალდებულის სახლიდან. აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებმა გამოძიების დაწყებისას, რამდენიმე ხანში, ერთ-ერთი მდინარის პირას ჩამარხულ კასრში ხელყუმბარები იპოვეს.
შეგახსენებთ, 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სპეცოპერაცია თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ჩასაფრებულ რამდენიმე სავარაუდო ტერორისტთან. სპეცოპერაციისას 1 სპეცრაზმელი დაიღუპა და 2 დაიჭრა. ბინაში გამაგრებული ყველა ტერორისტი ლიკვიდირებულია, მათ შორის, დღემდე ვარაუდებია, რომ იყო ახმედ ჩატაევი, რომელიც თავის დროზე ქართულმა მხარემ ციხიდან გაათავისუფლა.