ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მივესალმები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვანო დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

მიხეილ სააკაშვილი ”ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილი უკანონო პატიმარია.

„მივესალმები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწის და ჩემი თანამებრძოლის, ვანო მერაბიშვილის პატიმრობის უკანონოდ გამოცხადებასთან დაკავშირებით. სამართალი უნდა აღდგეს! ვანო დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს!“, – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ “მერაბიშვილი VS საქართველოს საქმეზე, სასამართლომ დაადგინა, რომ აპლიკანტის წინასწარი პატიმრობა თავდაპირველად იყო გამართლებული, მაგრამ მოგვიანებით არასწორად იქნა გამოყენებულ მასზე ზეწოლის მოსახდენად”- ამის შესახებ განცხადება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

სასამართლომ, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. როგორც გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, დიდი პალატის 9 წევრმა, საქმეში ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას მხარი დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგ წავიდა.

„სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არ ჰქონია ადგილი მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით), ასევე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შენობაში მოთავსებასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონდა მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას. ადგილი ჰქონდა მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას 2013 წლის 25 სექტემბრიდან. ასევე 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციის მე-18 მუხლი“, – ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მე-18 მუხლის დარღვევა გულისხმობს იმას, რომ პირის დაკავება არ ემსახურებოდა იმ მიზნებს, რასაც სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, არამატერიალური ზარალის მიყენებისთვის საქართველომ ვანო მერაბიშვილს 4 000 ევრო უნდა გადაუხადოს.

აღსანიშნავია, რომ მერაბიშვილის დაცვის მხარე 15 000 ევროს ითხოვდა.

იტვირთბა....