უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი განმარტებას აკეთებს იმ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შესაძლოა სხვადასხვა სამთავრობო უწყებებსა თუ სხვა ორგანიზაციებში თანამდებობების დაკავების უფლება მიეცეთ.
სესიაშვილი საზოგადოებას ახსენებს, რომ “ე.წ. ოდეერის ინსტიტუტი არსებობს და მთავრობის დადგენილებით არის განსაზღვრული ის 25 უწყება, სადაც ოფიცერი ნებაყოფლობით ხელშეკრულებით ოფიციალურად მიდის”.
“მე ვფიქრობ, რომ კანონპროექტის აღქმისა და გაგების პრობლება გვაქვს. მინდა ყველას შევახსენო ე.წ. ოდეერის ინსტიტუტი, არსებობს უსაფრთხოების ოფიცრის სტატუსი და მთავრობის დადგენილებით არის განსაზღვრული ის 25 უწყება, სადაც ოფიცერი ნებაყოფლობით ხელშეკრულებით ოფიციალურად მიდის. რაც შეეხება ამ ჩანაწერს, მე მინდა შეგახსენოთ, რომ დაზვერვის სამსახური უერთდება უსაფრთხოების სამსახურს და დაზვერვის სამსახურის ერთ-ერთი მუხლი განსაზღვრავს სწორედ ამას. დაზვერვის სპეციფიკაში წლების განმავლობაში არსებობდა ეს მუხლი და გადმოვიდა უსაფრთხოებაში იმისთვის, რომ დაზვერვის სამსახურმა გამოიყენოს ეს მუხლი. მე არ მინდა განვმარტო რა მიზანი აქვს ამ მუხლს. დაზვერვის კანონიდან არის ეს გადმოტანილი უსაფრთხოების სამსახურის ნაწილში. ვურჩევ ჩემს ოპონენტებს, გაერკვნენ სიტუაციაში, დაესწრონ სხდომებს და მიხვდებიან, რომ კანონის ის ნაწილი, რაც დაზვერვის სამსახურში იყო, გადმოვიდა უსაფრთხოების ნაწილში”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
„უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს „თავის გაუმჟღავნებლად“ და სამსახურეობრივი მიზნებისთვის შეეძლება დასაქმდეს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში.
შეგახსენებთ, რომ კანონში ასევე შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საიდუმლოებასთან გარანტირებული წვდომის მქონე ჩინოსნების სია იზრდება.