სტრასბურგის სასამართლოს გადწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით, ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” აფასებს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიხედვით, წარმოჩინდა, რომ იუსტიციის სამინისტრო და პროკურატურა უხარისხოდ მუშაობს. მისი აზრით, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს სარგებელი მოუტანონ, ქვეყნის ინტერესებს აზიანებენ.
ხუხაშვილის განცხადებით, ფაქტია, რომ იუსტიციის სამინისტრომ შეგნებული თუ შეუგნებელი სახელმწიფოს ინტერესების საბოტირება მოახდინა. ანალიტიკოსის აზრით, არაკვალიფიციური სახელმწიფო მოხელე მტერზე უარესია და შედეგიც ასეთი მივიღეთ.
“ხელისუფლება სისტემურ დანაშაულზე გვესაუბრებოდა და გულში ზუსტად ის ადამიანები ჩაიხუტა, ვინც ამ დანაშაულებრივ სისტემას ქმნიდა. ხელისუფლებამ კოლექტიური მურუსიძე გვერდით დაიყენა. სტრასბურგის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს ადამაინები ქვეყნის საზიანო საქმეს აკეთებენ.
იმ ფონზე რასაც ახლა ვუყურებ, ვანო მერაბიშვილის მიმართ თანაგრძნობაც კი მიჩნდება, რადგანაც თუნდაც იგივე 7 ნოემბრის აქციის დარბევა და “იმედში” შევარდნა უგულავას და კეზერაშვილის კისერზე უფროა ვიდრე მერაბიშვილის. რა გამოდის, ისინი ტკბილი და მურაბა ხალხია, ყველაფერში დამნაშავე კი მერაბიშვილია?
ახლა მის ციხეში ყოფნა არ ყოფნას დიდი მნიშვნელობა აღარც აქვს. თუ კეზერაშვილს და უგულავას არაფერს აღარ ვედავებით, ამ ერთმა მერაბიშვილმა რაღა დააშავა?! ხელისუფლებამ უსამართლობასთან ბრძოლაში სრული ფიასკო განიცადა. თავისი მთავარი დაპირება, რომ სამართლიანობას აღადგენდა არ შეასრულა და სისტემის შემქმნელები გვერდით დაიყენა”,-ამბობს ხუხაშვილი “მეტრონომთან”.
შეგახსენებთ, რომ “მერაბიშვილი VS საქართველოს საქმეზე, სასამართლომ დაადგინა, რომ აპლიკანტის წინასწარი პატიმრობა თავდაპირველად იყო გამართლებული, მაგრამ მოგვიანებით არასწორად იქნა გამოყენებულ მასზე ზეწოლის მოსახდენად”- ამის შესახებ განცხადება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
სასამართლომ, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. როგორც გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, დიდი პალატის 9 წევრმა, საქმეში ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას მხარი დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგ წავიდა.
„სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არ ჰქონია ადგილი მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით), ასევე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შენობაში მოთავსებასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონდა მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას. ადგილი ჰქონდა მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას 2013 წლის 25 სექტემბრიდან. ასევე 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციის მე-18 მუხლი“, – ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
მე-18 მუხლის დარღვევა გულისხმობს იმას, რომ პირის დაკავება არ ემსახურებოდა იმ მიზნებს, რასაც სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, არამატერიალური ზარალის მიყენებისთვის საქართველომ ვანო მერაბიშვილს 4 000 ევრო უნდა გადაუხადოს.
აღსანიშნავია, რომ მერაბიშვილის დაცვის მხარე 15 000 ევროს ითხოვდა.