აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი სამართალი

პანკისის უხუცესი „მეტრონომს“: ხალიფატის მებრძოლის ადამ-გურამ გუმაშვილის ბიძაშვილები ძალოვან სტრუქტურებში მუშაობენ  

22 ნოემბერს  ბერი  გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, შესაძლოა, გარდაცვლილებს შორის, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი ადამ-გურამ გუმაშვილი იყოს. უფრო მეტიც, გაზეთ  “ქრონიკა +”-ის ინფორმაციით, ხალიფატის  მებრძოლის ნათესავები საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში მუშაობენ. გაზეთი წერს, რომ პანკისის ხეობის ერთ-ერთი უხუცესის, ზაურ გუმაშვილის ძმისშვილია, რომელიც ასევე 2012 წელს ლაფანყურის სპეცოპერაციის შემსწავლელუ კომისიის წევრი იყო.

ზაურ გუმაშვილი ასევე შევარდნაძის დროს, კახეთის გუბერნატორის მოადგილე იყო. გამოცემის ინფორმაციითვე, ზაურ გუმაშვილის შვილი ანუ ადამ-გურამ გუმაშვილის ბიძაშვილი მორის გუმაშვილი  შსს-ს კონტრტერორისტულ ცენტრში მუშაობს. ასევე ზაურ გუმაშვილის ძმიშვილი ლევან გუმაშვილი შსს-ს ახმეტის რაინული სამმართველოს დუისის ქვეგანყოფილებაში მუშაობს.

აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება „მეტრონომმა“  პანკისში სცადა. პანკისის უხუცესთა საბჭოს ხელმძღვანელმა ხასან ხანგოშვილმა „მეტრონომს“ გაზეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაუდასტურა. მისი თქმით, ჯერჯერობით დაუდასტურებულია, არის თუ არა გარდაცვლილებს შორის ადამ-გურამ გუმაშვილი.

ხანგოშვილის განცხადებით, ზაურ გუმაშვილი მისი მეგობარია და ის შევარდნაძის დროს ნამდვილად კახეთის გუბერნატორის მოადგილე იყო. უხუცესის  თქმით, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ პანკისში სიმშვიდეა და ხეობის მისამართით არსებული კითხვები მოიხსნა. ხანგოშვილი იმ ონფომაციასაც ადასტურებს, რომ ზაურ გუმაშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციის შემსწავლელ კომისიაში იმყოფებოდა. ხანგოშვილი ამბობს, რომ ადამ-გურამ გუმაშვილის ბიძაშვილები ნამდვილად შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობენ.

„ზაური გუმაშვილის შვილი, ანუ გურამ-ადამ გუმაშვილის ბიძაშვილი, მორის გუმაშვილი  შსს-ს კონტრტერორისტულ ცენტრში  ნამდვილად მუშაობს. მისი მეორე ბიძაშვილიც ლევან გუმაშვილი  შსს-ს ახმეტის რაინული სამმართველოს დუისის ქვეგანყოფილების თანამშრომელია.

ზაურ გუმაშვილი პანკისში საკმაოდ პატივსაცემი ადამიანია, რომელმაც შევარდნაძის დროს, ხეობაში სიტუცია სახელმწიფოს კონტროლს დაუქვემდებარა. ადამ-გურამ გუმაშვილს ბიძისგან განსხვავებით თავისი მრწამსი და შეხედულებები ჰქონდა. შესაბამისად, მათ იდეოლოგიური წინააღმდეგობა გააჩნდათ.

ვადასტურებ ნამდვილად, რომ ზაურ გუმაშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციის შემსწავლელ კომისაში იყო. რას ვიზამთ, ბიძა და ბიძაშვილები  ადამ-გურამ გუმაშვილისგან  რადიკალურად განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანები არიან. მათი ამ საქმესთან დაკავშირება სწორი არ იქნება“,-ამბობს ხანგოშვილი „მეტრონომთან“

ცნობისთვის, გაზეთ “ქრონიკა +”-ის ინფორმაციითვე, ისალმური სახელმწიფოს” “იუსტიციის მინისტრის” ბიძა ზაურ გუმაშვილი კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამარს, თამაზ თამაზაშვილის ახლო მეგობარია. როგორც გაზეთი წერს, რამდენიმე წლის წინ რედაქციას პანკისის ხეობაში დაუდასტურეს, რომ ზაურ გუმაშვილის და თამაზ თამაზაშვილის მეგობრობა გრძელდება და მათ პანკისის ხეობაში საერთო ბიზნეს ინტერესები აქვთ. 2012 წელს პანკისის ხეობაში სტუმრობისას შს მაშინდელ მინისტრს, ირკალი ღარიბაშვილს გუმაშვილების ოჯახში სუფრაც გაუშალეს, ღარიბაშვილმა კი ოჯახს საჩუქრები ჩაუტანა.

შეგახსენებთ,  21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

 

 

 

 

იტვირთბა....