ნინო ლომჯარიას პროტესტმა შედეგი გამოიღო და მან გამოაჩინა ის ნებელობა და ნებისყოფა, რომელმაც სახელისუფლებო გუნდს უკან დაახევინა, -ასე უპასუხა “მეტრონომს” იურისტმა ლია მუხაშავრიამ ომბუდსმენის არჩევნებთან დაკავშირებით კითხვაზე, რატომ უჭერს მხარს მმართველი გუნდი ლომჯარიას კანდიდატურას, მაშინ როდესაც ის მის მიმართ კრიტიკული განცხადებებით ყოველთვის გამოირჩეოდა:
“ალბათ ნინო ლომჯარიას აქვს გარკვეული ტონით საუბრის უფლება ხელისუფლებასთან, რამაც გამოიწვია მისი დასახელება ამ თანამდებობაზე. მე მომწონს ეს ამბავი-ერთი, რომ ის ქალია და მეორე, მას აქვს ნება, იყოს კრიტიკული, რაც ამ დროისთვის მნიშვნელოვანი თვისებაა.
“მეტრონომი”: რამდენად აწყობს ხელისუფლებას მის მიმართ კრიტიკული ომბუდსმენი და შეიძლება თუ არა ვიფიქროთ, რომ აქვთ ნინო ლომჯარიას ლოიალურობის იმედი?
ლია მუხაშავრია: თქვენმა და ჩვენმა ერთობლივმა ძალისხმევამ და კრიტიკამ, როდესაც ხელისუფლებისთვის ერთი შეხედვით ლოიალური კანდიდატები იყვნენ დასახელებულნი და ჩვენ ისინი გავაკრიტიკეთ, თავისი შედეგი გამოიღო. ახლა ხელისუფლებას არ აწყობს მის მიმართ აშკარად ლოიალურად განწყობილი სახალხო დამცველი ჰყავდეს.
“მეტრონომი”: შეიძლება თუ არა პარალელი გავალოთ თამარ ჩუგოშვილთან, რომელიც ასევე არასამთავრობო სექტორიდან მოდიოდა, ძალიან კრიტიკული იყო ხელისუფლების მიმართ, თუმცა დღეს მმართველი გუნდის წევრია; შეიძლება თუ არა ასეთი ტრანსფორმაცია განიცადოს ნინო ლომჯარიამაც?
ლია მუხაშავრია: ღმერთმა დაგვიფაროს და მინდა გულით ვუსურვო ნინოს, ასეთი ტრანსფორმაცია არ განიცადოს. სახალხო დამცველის სამუშაო ყოველდღიურად უამრავი დაჩაგრული ადამიანის მიღებას და მასთან კომუნიკაციას ნიშნავს, რაც კარგ ფორმაში ამყოფებს სახალხო დამცველს. არ ვფიქრობ, რომ ნინო ლომჯარიას იგივე დაემართება, რაც თამარ ჩუგოშვილს, რადგან ჩუგოშვილი პარლამენტშია, მასთან შეღწევა ძალიან რთულია, ხოლო სახალხო დამცველთან ასეთი ბარიერები არ არსებობს.”
ომბუდსმენის მომავალ კანდიდატურებად პარლამენტში ორი უფლებადამცველი სახელდება – სოფო ხორგუანი და სოფო ჯაფარიძე. მესამე სექტორი პარლამენტის თავმჯდომარეს 4 კანდიდატურას სთავაზობს – ნინო ლომჯარია, ანა ნაცვლიშვილი, ზვიად ქორიძე და ვახუშტი მენაბდე.
საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას დაუჭერს მხარს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
უმრავლესობამ შვიდ კანდიდატურაზე იმსჯელა, რომელთა შორისაც იყვნენ ანა ნაცვლიშვილი, ნინო ლომჯარია, ზვიად ქორიძე და ვახუშტი მენაბდე.
ნინო ლომჯარიას ბიოგრაფია შემდეგ მონაცემებს შეიცავს:
დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით, სენტ-ლუისის(აშშ) ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა.
2005 წლიდან მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში; იყო ამ ორგანიზაციის საარჩევნო პროექტების ხელმძღვანელი. ავტორია ათზე მეტი ანგარიშისა საარჩევნო, ანტიკორუფციული, კონსტიტუციური სამართლის საკითხებზე. არის არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასულებელი დირექტორი.
მოქმედ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება.