ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კვირიკაშვილი: საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა 19%-ით გაიზარდა

საქართველოს და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

“უკრაინა წლების განმავლობაში რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პარტნიორად. მისასალმებელია, რომ მიმდინარე წელს სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის გაიზრდა 19%-ით და შეადგინა თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარი. ამასთან, უკრაინა საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის მე-5 პოზიციაზეა. თუმცა, ეს ციფრები არ ასახავს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სრულ პოტენციალს, ჩვენ უნდა დავისახოთ ამბიციური მიზნები და საერთო ძალისხმევით უზრუნველვყოთ სავაჭრო ბრუნვის მაქსიმალური ზრდა ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ.
სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში, მივესალმებით საქართველოში უკრაინის პრემიერმინისტრის ვიზიტის ფარგლებში ორი მემორანდუმის ხელმოწერას, რომლებიც ეხება მიწის რეგისტრაციისა და კადასტრის სისტემის განვითარებისა და წამლების ხარისხის კონტროლის სფეროებში თანამშრომლობის განვითარებას.”- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას ორმხრივი ვაჭრობის ზრდასთან დაკავშირებით კარგი ტენდენცია აქვს.

“მიმაჩნია, რომ შეიძლება გვქონდეს უფრო ამბიციური მიზანი და 500-მილიონიანი სავაჭრო ბრუნვა გავზარდოთ 1 მილიარდამდე. ეს იქნება ჩვენი თანამშრომლობის ამოცანა. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია, გავაღრმავოთ თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორში – აგრარულ სფეროში, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში და მოხარული ვიქნებით ქართულ ბიზნესთან თანამშრომლობით.

ჩემი პროგრამის ერთ-ერთი პუნქტია „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობა, რომელიც თბილისში ხვალ გაიმართება. შევთანხმდით, დავსახოთ ერთობლივი მოქმედების მკაფიო გეგმა, რომ ავაშენოთ ერთიანი გზა ჩვენი საქონლის გადაადგილებისთვის და უზრუნველვყოთ ხარისხიანი ლოგისტიკა სხვა პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ შევთავაზოთ საუკეთესო სერვისი გადაზიდვების სფეროში ევროპიდან აზიის მიმართულებით,”- განაცხადა ვლადიმერ გროისმანმა.

იტვირთბა....