საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები ომბუდსმენის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას დღეს წარადგენენ.
საკითხზე დეპუტატები ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ. დღევანდელ სხდომაზე ასევე მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიცირება მოხდება.
უმრავლესობამ ომბუდსმენის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა 24 ნოემბერს აირჩია.
სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლომჯარიას გარდა, თამარ ქალდანის, სოფო ჯაფარიძის, ვახუშტი მენაბდის, სოფო ხორგუანის, ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურები იხილებოდა.
ნინო ლომჯარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე იყო. მანამდე კი “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახალხო დამცველს პარლამენტი 5 წლით ირჩევს. უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება.