აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მკვლევარი „მეტრონომთან“: კითხვები სპეცოპერაციის შემდეგ, რომელსაც ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს

პოლიტიკისა და სამართლის მკვლევარმა გიორგი ნონიაშვილმა, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციაზე „მეტრონომს“ ხელისუფლების მხრიდან იმ პასუხგაუცემელ კითხვებზე ესაუბრა, რომელიც დღეს საზოგადოებაში არსებობს.

როგორც ნონიაშვილი ამბობს, პირველი პრობლემა, რაც სპეცოპერაციის ჩატარებისას არსებობდა ის იყო, რომ სახელმწიფო სპეცოპერაციის ჩატარებისას ვერ ჩამოყალიბდა, რა კვალიფიკაციით მიმდინარეობდა ოპერაცია.

„ერთი მხრივ,  ნათქვამი იყო, რომ ეს არის ტერორისტული ჯგუფი, ამავდროულად, სპეცოპერაციის ჩატარებიდან მეთვრამეტე საათზე (ხელისუფლება) ამბობდა, რომ ჯერჯერობით პირების იდენტიფიცირება არ არის მომხდარიო. ეს ან სრული ბლეფია, ან სიბეცეა, იმიტომ, რომ შეუძლებელია ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩაატარო, როდესაც ადამიანი იდენტიფიცირებული არ გყავს“ – აღნიშნა ნონიაშვილმა.

მეორე საკითხი, რასაც ის ხაზს უსვამს, სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირების იდენტიფიცირებაა, რაზეც ჯერ სახელმწიფოს პასუხები არ გაუცია. ნონიაშვილის თქმით, თითქმის დადასტურებულია, რომ ერთ-ერთი მოკლული ახმედ ჩატაევია, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა, თუმცა რატომ არაფერს ამბობს ხელისუფლება, მისთვის გაუგებარია.

ახმედ ჩატაევის შესაძლო ლიკვიდაციაზე თურქული პრო-სახელისუფლებო მედიასაშუალება Daily Sabah წერს. ის ეყრდნობა კიდევ ერთ თურქულ გამოცემა Haberturk-ს, რომელიც ვარაუდით აღნიშნავს, რომ მოკლულებს შორის აჰმედ ჩატაევია, თუმცა არ ასახელებს, საიდან აქვს აღნიშნული ინფორმაცია.

სამართლის მკვლევარი საუბრობს ასევე სპეცოპერაციის ხანგრძლივობაზეც, რომელიც საზოგადოების მხრიდან კრიტიკის საგნად იქცა. მისი თქმით, ამ მხრივ კრიტიკა არაკვალიფიციურია, რადგან არ ვიცით როგორი მიმდინარეობის სპეცოპერაცია იყო და რა უძღოდა მას წინ:

„აქაც ხელისუფლება ურთიერთგამომრიცხავ რამეს ამბობს, იმიტომ, რომ ერთი მხრივ საუბრობდა ტერორისტულ ჯგუფსა და ანტიტერორისტულ სპეცოპერაციაზე, მეორე მხრივ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური უთითებდა, რომ სპეცოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც წინააღმდეგობა გაუწიეს ადამიანებმა სამართალდამცავ ორგანოებს. რა წინააღმდეგობაზეა საუბარი, თუ იდენტიფიცირებულია ტერორისტული ჯგუფი, მაშინ პირდაპირ სპეცოპერაცია უნდა დეწყოთ.

ხანგრძლივობაზე ასე პირდაპირ ვერ ვიტყვით იმას, რომ სპეცრაზმი ვერ გაუმკლავდა. იქ იყო საუბარი მოსახლეობის განრიდებასთან და ევაკუაციასთან დაკავშირებით“ – აღნიშნავს ნონიაშვილი.

რაც შეეხება იარაღის საკითხს, აქტიურად მიდის მსჯელობა თუ რანაირად შეკრიბეს ეჭვმიტანილებმა იმ რაოდენობის იარაღი, რომ სპეცოპერაციის განმავლობაში ისინი წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს.

ნონიაშვილი ამბობს, რომ ჩვენ არ ვიცით რა წინააღმდეგობის ძალა ჰქონდათ ბინაში გამაგრებულებს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დადასტურებულად გვეცოდინება, რომ ისინი 22 საათის განმავლობაში სამართალდამცავ ორგანოებს და სპეცრაზმს ცეცხლს უხსნიდნენ, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ დიდი რაოდენობის ტყვია-წამალი და ამუნიცია ჰქონდათ.

„თუმცა, ამ წუთას ჩვენ დადასტურებულად არ ვიცით რა ინტენსივობით უხსნიდნენ ისინი ცეცხლს სამართალდამცველებს. ამას ვერავინ იტყვის მანამდე, სანამ სამართალდამცველი ორგანოები ამ ყველაფერს არ დაადასტურებენ“ – აღნიშნა გიორგი ნონიაშვილმა.

კიდევ ერთი საკითხი, რაც სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საზოგადოებაში შფოთვის საგანი გახდა, სოციალურ ქსელში სპეცოპერაციის ჩატარების შემდეგ გავრცელებული მუქარაა.  მუქარის ავტორი სახელით vind ex სპეცოპერაციის ადგილზე გარდაცვლილის ფოტოს შემდეგი სახის კომენტარებს უწერს:

“მოკლული ძმისთვის ათასებს მოგკითხავთ მალე დავბრუნედებით, თავებს დაგაჭრით ქაფირებო, მიწა ღვთისაა და არა თქვენი”.

ამ დროისთვის აღნიშნული ანგარიში სოციალურ ქსელში არ იძებნება. სუს-ის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ უწყებაში ყველა მსგავს მუქარაზე ინფორმაციას ფლობენ და აკვირდებიან:

“რა თქმა უნდა, ვფლობთ ინფორმაციას. ვაკვირდებით, ღია წყაროებშიც. ზარები ხორციელდება ამა თუ იმ მუქარით“ – განაცხადა გომელაურმა.

გიორგი ნონიაშვილის თქმით, ის, რომ ყალბი ანგარიშებიდან ვიღაცების მხრიდან მსგავსი შინაარსის წერილები იქნებოდა, მოსალოდნელი იყო, თუმცა ის მიიჩნევს, რომ ეს არ არის სახელმწიფოს ნომერ პირველი გამოწვევა ამ დროისთვის:

„იმისათვის, რომ რაღაცის გამოხატვა შეზღუდო, რომელიც კავშირშია უსაფრთხოების გამოწვევებთან, უნდა არსებობდეს საფრთხისა და ქმედების რეალურობის ტესტი. ყალბი ექაუნთები, რომ რაღაცეებს წერენ, მე არ მგონია, რომ ამაზე უნდა გადაერთოს სახელმწიფო. ეს მოსალოდნელი იყო, რომ ასეთი რამეები სოციალურ ქსელებში დაიწერებოდა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს სახელმწიფოს ნომერ პირველი გამოწვევა ნამდვილად არ არის. მე მგონია, რომ პირველი გამოწვევა არის ის, რომ საზოგადოებრივი ინტერესი დააკმაყოფილოს. ეს შეიძლება გამოდგეს საპოლიციო ძალაუფლების გაძლიერების ლეგიტიმაციის საფუძველიც, რაც საფრთხეა“ – აღნიშნა ნონიაშვილმა.

რაც შეეხება მედიის კრიტიკას, რომელიც სპეცოპერაციის დაწყებიდან აქტიურად მიმდინარეობდა საზოგადოებაში, პოლიტიკისა და სამართლის მკვლევარი ამბობს, რომ თუ ჟურნალისტი სპეცოპერაციის ჩატარებას და მის მიმდინარეობას ხელს უშლის, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, უნდა განარიდოს ეს ადამიანები და არა მარტო ისინი, არამედ ჩვეულებრივი მაცხოვრებლებიც.

„21 საუკუნეში არ არის მაინცდამაინც პროფესიონალ ჟურნალისტზე მიბმული ინფორმაციის გადინება. შეიძლება ჩვეულებრივმა მაცხოვრებელმა პირდაპირი ეთერი ჩართოს სოციალურ ქსელში და აქედან გავიგოთ რაღაცები. ამიტომ ჟურნალისტების დამუნათებაც არის საფრთხის შემცველი, იმიტომ, რომ ხელისუფლებას  უფრო მეტ იმედებს უჩენს, რომ შეზღუდოს გამოხატვა და ინფორმაციის თავისუფლება“ – განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა „მეტრონომთან“.

შეგახსენებთ, 21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.

 

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....