ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გვენეტაძე: სესხების დოლარიზაცია 9%-ით შემცირდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში, ქვეყნის საბანკო სექტორზე, ლარის გაუფასურებაზე და დოლარიზაციის შემცირებაზე ისაუბრა.

გვენეტაძის თქმით, დოლარიზაციის შემცირების 10-პუნქტიანი პროგრამა სსფ-სთან შეთანხმებული იყო.

„ამ გრძელვადიანი პროექტის პირველი შედეგები უკვე გვაქვს. მაგალითად, სესხების დოლარიზაცია 9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2017 წელს მთლიანი სესხების 56 პროცენტს შეადგენს. კლება იპოთეკურ სესხებში 12 პროცენტს აღწევს. მცირდება დეპოზიტების დოლარიზაციაც“, – განაცხადა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა 2015-2016 წლებში ეკონომიკური ზრდის შენელებაზე და ეროვნული ვალუტის კურსზეც ისაუბრა.

„საქართველოზე მართლაც იმოქმედა რეგიონში მოთხოვნის კლებამ, რომელიც იყო გამოწვეული 2014-2016 წლებში ნავთობზე შემცირებული ფასებითა და გეოპოლიტიკური დაძაბულობით. ჩვენ ამას მცურავი გაცვლითი კურსით ვუპასუხეთ და დამტკიცდა, რომ ეს კარგი გზაა შოკების დასაძლევად და რთულ პერიოდში ეკონომიკის მდგრადობისთვის. შედეგად, ლარი დოლართან მიმართებაში 34 პროცენტით გაუფასურდა, მაგრამ ეკონომიკამ გააგრძელა ზრდა 2,9 პროცენტით 2015 წელს და 2,8 პროცენტით 2016 წელს. გაიაფებულმა ლარმა მოახდინა ეკონომიკური აქტივობის სტიმულირება ექსპორტის მხარდაჭერით – შემოსავლები გაიზარდა, რაც დაეხმარა გადამხდელებს ფინანსური ვალდებულებების გასტუმრებაში“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი ახლა მდგრადი და გამჭვირვალეა.

„ყველა ქართული ბანკი ახლა კერძო მფლობელობაშია, მათგან 85 პროცენტი უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ორი უმსხვილესი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ-სეგმენტშია, რაც აწესებს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ძალიან მაღალ სტანდარტებს“, – განმარტა კობა გვენეტაძემ.

იტვირთბა....