ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ტერორისტებთან კავშირს კატეგორიულად გამოვრიცხავ”: აცხადებს ბინის მეპატრონის და

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე N 46–ე კორპუსის მეორე სართულზე, ბინა, რომელშიც ტერორიზმში ეჭვმიტანილები სპეცოპერაციისას იმყოფებოდნენ, პანკისის ხეობაში მცხოვრებ ასლან ჯაბრაილოვს ეკუთვნის.

“ნიუპოსტი” ბინის ერთ-ერთი მესაკუთრის დას გაესაუბრა, რომელიც ტერორიზმში ეჭვმიტანილებზე ბინის მიქირავებას კატეგორიულად უარყოფს.

მისი თქმით, ბინა არ უნდა გაქირავებულიყო, რადგან მისი და საზღვარგარეთიდან დაბრუნებას და თბილისში, ამ ბინაში აპირებდა ცხოვრებას.

ბინის ერთ-ერთი მეპატრონის და ადასტურებს, რომ ბინაში „38 წლის რიზვან გორნაკაშვილი შედიოდა“, რომელიც სუს-მა უკვე დააკავა. დაკავებული სახლის მფლობელის ასლან ჯაბრაილოვის ცოლისძმაა.

„ბინა გაქირავებული არ უნდა ყოფილიყო, ჩემი დისგან ვიცი ეს ინფორმაცია. ჩემს დას უნდა ეცხოვრა იქ, როცა საზღვარგარეთიდან დაბრნდებოდა. რიზვანი ამ ბინაში შედიოდა. ტერორისტებთან კავშირს კატეგორიულად გამოვრიცხავთ“- აცხადებს ბინის ერთ-ერთი მეპატრონის და, რომელიც პანკისის ხეობაში ცხოვრობს.

რიზვან გორნაკაშვილის დაკავებას პანკისის უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე გამოეხმაურა. წუწაშვილი გორნაკაშვილის ტერორიზმთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს.

“არის დადებითი პიროვნება. წარმოუდგენელია მისი ტერორიზმთან რაიმე კავშირი”- აცხადებს უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე.

არსებული ინფორმაციით, ასლან ჯაბრაილოვის ბინა, მისი ცოლისძმის რიზვან გორნაკაშვილის შუამდგომლობით გაქირავდა. რაც შეეხება რიზვან გორნაკაშვილს, ის სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სპეცოპერაცია თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ჩასაფრებულ რამდენიმე სავარაუდო ტერორისტთან. სპეცოპერაციისას 1 სპეცრაზმელი დაიღუპა და 2 დაიჭრა. სუს-ის ინფორმაციით, ბინაში გამაგრებული 3 ტერორისტი ლიკვიდირებული, ხოლო 1 დაკავებულია.

იტვირთბა....