უკრაინიდან დეპორტირებულმა “რუსთავი 2”-ის ოპერატორმა, თამაზ შავშიშვილმა, დეტალურად ისაუბრა თუ როგორ მოხდა მის სახლში უკრაინის სპეცრაზმის შევარდნა. მის კომენტარს “რუსთავი 2” ავრცელებს.
თამაზ შავშიშვილის განცხადებით, მას იარაღის კონდახით სცემეს, ძირს დააგდეს და ხელ – ფეხი წებოვანი ლენტით შეუკრეს. მისივე თქმით, ის სპეცრაზმმა სახლიდან მოიტაცა:
„11 საათზე შემოვარდა 15 შეიარაღებული. სახეში ჩამარტყეს იარაღი, ძირს დამაწვინეს და ფეხებით მირტყამდნენ. ფეხები და ხელები შემიკრეს “სკოჩით”. ჩამაგდეს მანქანში. ორჯერ გამოცვალეს ეს მანქანა. მომიპარეს სახლიდან, ფაქტობრივად. მერე ვერტმფრენში ამიყვანეს. ჯერ წამიკითხეს, სამი წელი ვერ შემოხვალ უკრაინაშიო. ვერტმფრენში ძირს დამაწვინეს და გაურკვეველი მიმართულებით გავფრინდით. ეს მთელი დღე გრძელდებოდა. აღმოვჩნდი მერე გემზე. მეც ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ჩვეულებრივად მომიპარეს. სახლში შემოვიდა სპეცრაზმი და მომიპარა,“ – განაცხადა თამაზ შავშიშვილმა.
მისივე თქმით, მას აქვს ერთი კვირის წინ მიღებული აკრედიტაცია, სადაც წერია, რომ უფლება აქვს, უკრაინაში იმუშაოს და მისი პროფესიული მოვალეობა შეასრულოს.
თამაზ შავშიშვილის თქმით, აუცილებელია, რომ მოითხოვოს ქართულმა მხარემ პასუხი იმაზე, რაც მისი მოქალაქეების მიმართ მოხდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 2 დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეები 17 ნოემბერს ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ქვეყნიდან გამოაძევეს. დეპორტაციის მიზეზად სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელდება.