თამარ ჩუგოშვილი უჩა ნანუაშვილთან დაკავშირებულ დისკუსიას ეხმაურება.
“ზოგადად მგონია, რომ ამ საკითხზე იმაზე მეტი კომენტარი გაკეთდა, ვიდრე უნდა გაკეთებულიყო. ეს ყველაფერი სასიამოვნო სანახავი ნამდვილად არ არის. მე თავს შევიკავებდი დამატებითი კომენტარისგან და მითუმეტეს, სახალხო დამცველის კრიტიკისგან. სახალხო დამცველი არის ბოლო, ვისაც მე გავაკრიტიკებ, რაც არ უნდა მოხდეს, რადგან გარკვეული წარმოდგენა და პოზიცია მაქვს იმასთან დაკავშირებით თუ რას წარმოადგენს სახალხო დამცველის ინსტიტუტი ქვეყანაში”, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრმა უჩა ნანუაშვილს საქართველოს ისტორიაში ყველაზე უსამართლო ომბუდსმენი უწოდა. თეა წულუკიანს უმრავლესობის დეპუტატი შოთა შალელაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველთან მიმართებაში უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა.