თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დამტკიცების დროს, მადლობა გადაუხადა საკრებულოს წევრებს მოადგილეების, გამგებლებისა და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებისთვის გამოხატული ნდობისთვის და ოპოზიციას კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა.
“ორშაბათიდან ჩვენ ყველანი ერთად ერთიანი ძალებით შევუდგებით მუშაობას და თითოეული თბილისელი ძალიან მალე დაინახავს ჩვენი მუშაობის პირველ ხელშესახებ შედეგებს. მინდა მივმართო თბილისის რაიონების გამგებლებს: თქვენ ხართ რგოლი, რომელსაც უშუალო შეხება აქვს მოქალაქეებთან. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გამგეობები ეფექტურად მუშაობდნენ, რათა მოგვარდეს თითოეული პრობლემა და თქვენი კოორდინირებული მუშაობით თბილისი უნდა გახდეს სიცოცხლით სავსე ქალაქი.
ეფექტური მუშაობისკენ მოვუწოდებ საქალაქო სამსახურის უფროსებს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება. საზოგადოების განწყობა იქნება ყველაზე ზუსტი შეფასება, ამიტომ ყველანი უნდა იყოთ გახსნილები და მოწოდებული თანამშრომლობისათვის .ოპოზიციას კი მოვუწოდებ იყვნენ კონსტრუქციულები და იფიქრონ თბილისზე”, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საკრებულოში ახალი მთავრობა დამტკიცდა.