თბილისის საკრებულომ თბილისის მომავალი მთავრობის წევრების შესახებ მსჯელობა დაიწყო. პროცედურას არ ესწრება თბილისი მერი კახა კალაძე, რასაც ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
თბილისის საკრებულოში კომისიების გაფართოებული სხდომა, “ევროპული საქართველოს” წევრებმა დატოვეს. გოკა გაბაშვილის თქმით, მათ ახლადარჩეულ მერთან, კახა კალაძესთან ჰქონდათ კითხვები.
“მასთან გვქონდა კითხვები, რატომ დარჩნენ პოსტებზე იგივე ნარმანიას გუნდი, რომელსაც აკრიტიკებდა წინასაარჩევნო პერიოდში, რატომ დაემატა ამას ქსენოფობიური, ჰომოფობიური და კაცთმოძულე ენის მქონე წარმომადგენლები, რატომ დარჩა სუს-ის კონტროლი ა.შ. ძალიან ბევრი შეკითხვა, რაზეც მოველოდით, რომ ბატონი კახი როგორც წესი და რიგია, როგორც პოლიტიკური კულტურა მოითხოვს მობრძანდებოდა საკრებულოში,” – განაცხადა გაბაშვილმა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა ოპონენტებს კანონი განუმარტა.
„არავითარი ვალდებულება კახი კალაძეს აქ მოსვლის არ ჰქონდა რეგლამენტით და ასევე მნიშვნელოვანია, რომ კახი კალაძეს არც თავის გუნდთან არ აქვს ურთიერთობის პრობლემა და საზოგადოებასთანაც ძალიან აქტიურად ურთიერთობს,“ – განაცხადა ბექა დავითულიანმა.