სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, მინისტრის ასეთი განცხადებები პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებას აზიანებს.
ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველი არ ხუჭავს თვალს სერიოზულ და სისტემურ დარღვევებზე:
“ეს არ არის პირველი განცხადება, მანამდეც მოგვისმენია ქალბატონი მინისტრისგან სხვადასხვა განცხადებები. მე მოკლედ გავცემ პასუხს, – მსგავსი განცხადებები პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებას აზიანებს, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების თვალში. პირადული ნამდვილად არაფერი. ეს ალბათ უკავშირდება იმ კონკრეტულ დარღვევებს, რომელზეც სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ამახვილებდა ყურადღებას. ასევე, უკავშირდება იმას, რომ სახალხო დამცველი არ ხუჭავს თვალს სერიოზულ და სისტემურ დარღვევებზე, მათ შორის იმ მიმართულებით, რომელსაც ქალბატონი წარმოადგენს”, – განაცხადა ნანუაშვილმა.
იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველის ე.წ. ციანდის საქმის ანგარიშის შეფასებისას აღნიშნა, რომ “უჩა ნანაუშვილი არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოს ისტორიაში”.