ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 6-იდან 5 ოლქში გამარჯვებულები „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები არიან. ოზურგეთში კი გამარჯვება მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კონსტანტინე შარაშენიძემ მოიპოვა.
ოზურგეთის საარჩევნო ოლქის 62 უბნიდან მონაცემები 62-ივე უბანზეა დათვლილი, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ბეგლარ სიორიძემ ამომრჩეველთა ხმების 48,85% აიღო, ხოლო კონსტანტინე შარაშენიძემ (საინიციატივო ჯგუფი) – 51,15%.
კონსტანტინე შარაშენიძე მანამდე “ქართულ ოცნებაში” ირიცხებოდა, შემდეგ კი პარტიას გამოეყო და ახლა იგი მერობის დამოუკიდებელი კანდიდატია.
ქუთაისში გიორგი ჭიღვარიამ (87.55%), მარტვილში ალექსანდრე გრიგალავამ (93.04%), ხაშურში გიორგი გურასპაშვილმა (61.31%), ბორჯომში ლევან ლიპარტიამ (55.22%), ყაზბეგში კი ალექსანდრე ზაგაშვილმა (68.65%) გაიმარჯვა.
ამავე სარჩევნო ოლქებში, სადაც ყველა უბნის მონაცემები დათვლილია, „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეებს ხმების შემდეგი პროცენტული მაჩვენებელი აქვთ მიღებული: ქუთაისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს 12.45%, მარტვილში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, მამუკა დანელიას 6.96% (შენიშვნა: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა, მაგრამ მათი გვარები ბიულეტენებში მაინც შეყვანილი იყო), ხაშურში დამოუკიდებელ კანდიდატს, რამაზ ნოზაძეს 38.69%, ბორჯომში „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს, ზაზა ჩაჩანიძეს, 44.78% ყაზბეგში „დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატს, სანდრო ყამარაულს 31.35%.