18:00 საათისთვის საია ახალ მონაცემებს აქვეყნებს.
“საარჩევნო დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა წარადგინეს სულ 7 საჩივარი უბანზე, 3 – ოლქში და 15 შენიშვნა. ამ ეტაპისთვის ძირითადად პროცედურული ხასიათის დარღვევები ფიქსირდება:
საარჩევნო კომისიის წევრების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება:
– ბორჯომის #19 უბანზე დაფიქსირდა, რომ გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ორით მეტია ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობაზე ამომრჩეველთა სიაში. საარჩევნო უბნის კომისიის წევრის ახსნა-განმარტებით, ამომრჩევლის სიაში გამორჩენილია როგორც რეგისტრატორის, ასევე ორივე ამომრჩევლის ხელმოწერა. ვინაიდან ამ დარღვევის აღმოჩენამდე მოხდა რეგისტრატორების ჩანაცვლება, ამ ეტაპზე კომისიას უჭირს განმარტოს თუ რომელი რეგისტრატორის პირობებში მოხდა აღნიშნული ფაქტი.
(ანალოგიური შემთხვევა დაფიქირდა დილით ბორჯომის #15 უბანზე).
გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევა:
– ოზურგეთის #13 უბანზე გამოცხადდა ამომრჩეველი, რომელმაც პრეტენზია დააფიქსირა მასზედ, თუ რატომ ვერ მისცა ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით. კომისიის თავმჯდომარემ მას გამუნარტა, რომ კომისიის მიერ შეცდომა იყო დაშვებული და ვინაიდან აღნიშნული პირი ამომრჩეველთა ერთიან სიაში იყო შეყვანილი, მას ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდა უბანზეც. შესაბამისად, უბანზე მოსულმა ამომრჩეველმა ერთიანი სიის მეშვეობით უბანზე ხმა მისცა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ამომრჩეველი შეყვანილი იყო ასევე ამავე უბანზე გადასატანი ყუთის სიაში, თუმცა მისი გვარის გასწვრივ სიაში ფიქსირდებოდა ხელმოწერა, რომელიც განსხვავდებოდა ამ ამომრჩევლის მიერ ამომრჩეველთა ერთიან სიაში გაკეთებული ხელმოწერისგან;
– ოზურგეთის #15 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთი დაბრუნდა დაულუქავ მდგომარეობაში.
ამომრჩევლის ნების კონტროლი:
– ბორჯომის #7 და #27 უბნების გარეთ სიებით იმყოფებიან დაუდგენელი პირები, რომლებიც უბნებზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ. ასევე ამავე უბნებზე სამარშუტო ტაქსებით და მანქანებით მოჰყავთ ამომრჩეველი.
– ავტომანქანით მიჰყავთ ამომრჩეველი ასევე, ოზურგეთის #40 უბანზეც;
– უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ ყაზბეგის #2 საარჩევნო უბნის გარეთ მყოფი პირები;
– უბანზე მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა ხდება ოზურგეთის #7 საარჩევნო უბნის შიგნით, სადაც „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი რვეულში ინიშნავს უბანზე მისული ამომრჩევლის სახელსა და გვარს.
სხვა სახის დარღვევები:
– ბორჯომის #19 უბანზე ერთდროულად იმყოფებოდა სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს“ 2 დამკვირვებელი (რასაც არ ითვალისწინებს კანონი);
– უბანზე კაბინაში იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები. მათგან ერთ-ერთი კარნახობდა მეორეს მას თუ, ვინ უნდა შემოეხაზა”,- ნათქვამია საიას მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.