ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„სითი პარკის“ პასუხი თბილისის მერიას – კომპანია საკუთარი ინტერსების დაცვას საერთაშორისო არბიტრაჟში გეგმავს

კომპანია „სითი პარკი“ თბილისის ახლადარჩეული მერის, კახა კალაძის განცხადებას პასუხობს. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ტაბიძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ახლადარჩეულ მერს გამოწერილი ჯარიმების გამამართლებელ განაჩენებზე არასწორი ინფორმაცია აქვს. გარდა ამისა, „სითი პარკი“ მზადყოფნას გამოთქვამს კახა კალაძეს შეხვდნენ და ყველა საკითხზე კონსულტაცია გაიარონ.

ტაბიძის განცხადებით, კომპანია „სითი პარკი“ მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით და ასევე იმ კონტრაქტით, რომელიც გაფორმებულია კომპანიასა და თბილისის მერიას შორის.

„მერის მიერ გაცხადებული ციფრები 99% არ შეესაბამება რეალურ სტატისტიკას და ვფიქრობთ, რომ ეს სტატისტიკა მას არასწორად მიაწოდეს. რეალურად, გამოწერილი ჯარიმების მხოლოდ 0,2 % ხდება სადავო და ეს დავაც სრულდება უმეტესად „სითი პარკის“ გამარჯვებით. იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს მომავალში ქალაქ თბილისის მერი შეხვდება კომპანიის წარმომადგენლებს და კომპანიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ამომწურავი და ზუსტი სურათი მიაწოდონ თბილისის მერს. კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით,- განაცხადა სითი პარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლევან ტაბიძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რას გეგმავს კომპანია სითი პარკი“ სასამართლო დავის შემთხვევაში, ტაბიძე აცხადებს, რომ კომპანია „სითი პარკი“ ისარგებლებს სამართლიანი სასამართლოს პრინციპით და იტოვებს შესაძლებლობას, რომ საკუთარი ინტერესები საერთაშორისო არბიტრაჟში დაიცვას.

აღსანიშნავია, რომ თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის ეთერში განაცხადა, რომ შესაძლოა სითი პარკის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყოს.

კალაძის განმარტებით, „სითი პარკის საქმიანობის კანონიერების დასაზუსტებლად პროცესში იურისტები ჩაერთვებიან. „ჩვენი მიდგომები იქნება სამართლებრივი. თუნდაც, სტატისტიკა, რომ ვნახოთ, ჯარიმები, რომელიც ამ კომპანიის მხრიდანაა გამოწერილი და რომელიც გასაჩივრდა, 99% გამამართლებელი განაჩენი მოქალაქეების სასარგებლოდ არის გამოტანილი. შესაბამისად, ჩნდება კითხვა – ეს კომპანია არაკანონიერად მოქმედებს?! ამიტომ ჩვენ მივუდგებით სამართლებრივი გზით. სამართლებრივი გზით წასვლაზე როდესაც ვსაუბრობ, მე ზუსტად ამას ვგულისხმობ, რომ იურისტები ჩაერთვებიან და ამ მიმართულებით ვიმუშავებთ, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, კახა კალაძე თბილისის მერის ფუნქციების განხორციელებას 12 ნოემბრიდან შეუდგება.

წყარო: commersant.ge

იტვირთბა....