მეგის ქარდავას უკრაინელი ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, – ამის შესახებ ქარდავას ქართველი ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი უკრაინელ კოლეგაზე დაყრდნობით აცხადებს.
როგორც ის ამბობს, დაკავებული პროცესზე ვერ გამოცხადდა, რადგან ნაცემია და ამ ფაქტს მასთან დაკავშირებულ კრიმინალებს უკავშირებს.
„მეგის ქარდავასთან დაკავშირებით საექსტრადიციო პატიმრობაზე პროცესი გაიმართა, ეხებოდა სააპელაციო სასამართლოში იმ გადაწყვეტილების გასაჩივრებას, სადაც 40-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ამ პროცესზე მეგის ქარდაავას ადვოკატმა განაცხადა, რომ მეგის ქარდავა იყო ნაცემი. მას ჰქონდა დაზიანებები ცხვირის და თვალის არეში. ის პროცესზე ვერ მოვიდა და ჩართვა განხორციელდა მისი დაწესებულებიდან, სადაც კარგად არც კი აჩვენეს. მეგის ქარდავამ და მისმა ადვოკატმა განაცხადეს, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა,“- განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
შეგახსენებთ, ხუთწლიანი სამძებრო ღონისძიების შემდეგ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში, ქალაქ ივანო ფრანკოვსკში დააკავეს. მას უკრაინულმა მხარემ 40 დღიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
ქარდავას ბრალი ედება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორის, სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე 2014 წელს მას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის არის ერთ-ერთი ფიგურანტი სერგო თეთრაძის წამების ორგანიზების საქმეში სასჯელაღრსრულების ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად. მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს. გამოძიება მას დანაშაულის ორგანიზებას და მკვლელობის დაკვეთას ედავება; ასევე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხების მითვისების გამო, ქარდავას 2013 წელს დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და მასზე გამოცხადდა ძებნა.