ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ნანუაშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა უწყვეტად უნდა მიიღონ სახელმწიფო პენსია

სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს პენსიის შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებით მიმართა.

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის აზრით, კანონში ცვლილებები უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს, შესაძლებლობა ჰქონდეთ უწყვეტად მიიღონ სახელმწიფო პენსია.

ამ ინიციატივას ომბუდსმენის აპარატი ოფიციალურ ვებგვერდზე  ავრცელებს:

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის შედეგად, მოსახლეობა ყოველდღიურად დისკრიმინაციას განიცდის საკუთარი ეროვნებისა და მშობლიური ენის გამო. მათ მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ გარემოში უწევთ ცხოვრება.

“ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრულყოფილად არ ვრცელდება სახელმწიფო პროგრამები, არ არსებობს სამართლებრივი თუ სოციალური დაცვის ეფექტური სისტემა, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა კი ყოველდღიურად განიცდის დისკრიმინაციას საკუთარი ეროვნებისა და მშობლიური ენის გამო. არსებული პრობლემების გათვალისწინებით, საჭიროა შესაბამისი ცვლილების შეტანა კანონში, რომელიც უზრუნველყოფს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე პირთა დაცვას ერთგვაროვანი მიდგომისაგან და გაითვალისწინებს ამ რეგიონებში არსებულ რთულ უფლებრივ ვითარებას. შესაბამისად, სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებით შეთავაზებულია, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილებები და იმ საქმიანობების ჩამონათვალს, რომელიც არ მიიჩნევა საჯარო საქმიანობად, დაემატოს „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....