თბილისის მე-5 მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა დასრულდა. საკრებულოს წევრებმა 33 საკითხს უყარეს კენჭი.
სხდომას 25 დეპუტატი ესწრებოდა. საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა დეპუტატებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და მომავალი საკრებულოს შემადგენლობას წარმატება უსურვა. სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
საკრებულოს ახალი თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე იქნება, რომელიც მანამდე თავმჯდომარის მოადგილე იყო. მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი კი ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროპორციული სიის მე-10 ნომერი, გიორგი ალიბეგაშვილი, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნა. ალიბეგაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას დეპუტატები სწორედ სამშაბათის სხდომაზე მიიღებენ.
თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოში 50 წევრიდან მმართველ გუნდს 40-კაციანი უმრავლესობა ეყოლება, “ნაციონალურ მოძრაობას” – 5 წევრი, “ევროპულ საქართველოს” – 3, “პატრიოტთა ალიანსს” კი – 2.
თბილისის ახალი მოწვევის საკრებულოს ქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის განხილვა მოუწევს, რომელიც საკრებულოში 15 ნოემბერს უნდა შევიდეს. თბილისის ბიუჯეტი და განაშენიანების რეგულარული გეგმა ის ორი მთავარი დოკუმენტია, რომლის განხილვაც ახალ შემადგენლობას მოუწევს.
თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულო პირველ სხდომას 14 ნოემბერს გამართავს.