ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ნიკა მელია: გოგა ონიანი “ევროპულ საქართველოში” რომ გადასულიყო, დღეს თავისუფალი იქნებოდა

“გოგა ონიანი რომ გადასულიყო „ევროპულ საქართველოში“, პირდაპირ გეუბნებით, ის დღეს თავისუფალი იქნებოდა”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ ადვოკატ გოგა ონიანის განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მიუხედავად ყველაფრისა, არ დანებდა და ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს.

„ვინც გაწყობთ, მათ ციხიდან უშვებთ, უქმნით რაღაც ოპოზიციურ პარტიებს, არქმევთ ოპოზიციონერებს და ვინც რეალური პოლიტიკური ოპონენტია მათ აკავებთ. ასე იყო უკანასკნელი წლების განმავლობაში და ასე აპირებთ, როგორც ჩანს, გაგრძელებას, ვიდრე მართვის სადავეებთან ხართ. გოგა ონიანი დღეს დააკავეს იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ონიანი რომ ყოფილიყო კვაზი ოპოზიციური პარტიის წევრი, პირდაპირ გეუბნებით, რომ გადასულიყო „ევროპულ საქართველოში“, ის დღეს დაკავებული არ იქნებოდა. გოგა ონიანი რომ ყოფილიყო გიგი უგულავას, დათო კეზერაშვილის, გიგა ბოკერიას თანამებრძოლი, რომლებიც გამოვლენ ახლა და იტყვიან რომ თურმე როგორ წუხან ამ ამბის გამო, დღეს დაკავებული არ იქნებოდა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის გიორგი ონიანის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ონიანი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს და სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს. მას 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ონიანს ბარალი რამდენიმე მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით. პროკურატურა მას ორ ეპიზოდს ედავებოდა.

„ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ ქონია ფაქტიურად, ეს იყო შეთხზული ამბავი, რომელიც მოტივირებული იყო ერთადერთი მიზნით, რომ როგორმე თავისუფლება აღეკვეთათ გიორგი ონიანისთვის, მაშინ, როდესაც დაცვის მხარემ მართლაც რეალური მტკიცებულებები წარადგინა, მათ შორის, სახალხო დამცველი წარვადგინეთ მოწმის სახით და მისი ჩვენება ამ საქმის გასაღებია“ – აცხადებს ადვოკატი, ბექა ბასილაია.

იტვირთბა....