საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, კრედიტორის მოთხოვნა მოვალის მიმართ არ არის შეუზღუდავი, -ამის შესახებ ინფორმაციას საადვოკატო ბიურო OK&CG ავრცელებს:
” არ შეიძლება, რომ მოვალის სამართლებრივი მდგომარეობა მუდმივად გაუგებარი იყოს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონი ადგენს ხანდაზმულობის ვადას, რომლის გასვლის შემდეგაც მოვალე უფლებამოსილია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე.
გახსოვდეთ, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლა იწვევს კრედიტორის მოთხოვნის გაქარწყლებას მოვალის მიმართ. თუ ასეთ პირობებში მოვალე ნებაყოფლობით შეასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, შემდგომში ის ვეღარ მოითხოვს უკვე შესრულებულის უკან დაბრუნებას.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს. ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.
თუ კრედიტორი აღნიშნულ ვადაში სათანადო ფორმით პრეტენზიას არ განუცხადებს მოვალეს, ის დაკარგავს მოთხოვნის უფლებას.
ამასთანავე, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ კრედიტორი არ კარგავს უფლებას მიმართოს სასამართლოს თქვენ მიერ ვალდებულების შესრულების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ განაცხადოთ, რომ კრედიტორის მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც წარმოდგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
იცოდეთ, რომ თუ თქვენ არ მიუთითებთ სასამართლოს, რომ თქვენ მიმართ არსებული მოთხოვნა ხანდაზმულია სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად იმსჯელოს ხანდაზმულობის საკითხზე.”-ნათქვამია მასალაში.