ირაკლი კობახიძე ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს ხვდება. შეხვედრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ საუბრის ძირითადი თემები იქნება თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობა, განათლების სფერო და ეკონომიკური მიმართულება.
როგორც ცნობილია, შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
“მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი დონის ვიზიტები, როგორიც არის ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ ახლა შედგა ეს ვიზიტი, რადგან ესტონეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დაწყების 25 წლისთავი აღინიშნება. ასევე ესტონეთი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანაა და ასეთი მაღალი დონის ვიზიტები კიდევ უფრო მეტად ხელს უწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. ესტონეთთან ბევრი მიმართულებით გვაქვს თანამშრომლობა”,- აღნიშნა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულადი მეუღლესა და დელეგაციასთან ერთად გუშინ ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პატრიარქსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.
ესტონური დელეგაცია საქართველოს ხვალ დატოვებს.
ფოტო: გიორგი ხუხია