ირმა ნადირაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნუცუბიძის ქუჩაზე პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.
“როგორ ხდება, რომ ყველა კრიტიკულ მომენტში კამერების ჩანაწერები ქრება”?! – ამ შეკითხვით “ევროპული საქართველოს” წევრმა ირმა ნადირაშვილმა უმრავლესობას მიმართა.
მისივე განცხადებით, სამხრე კამერის ჩანაწერები გაქრა, როგორც ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ისე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების შემთხვევაშიც.
“შორს ვარ იმ აზრისგან და ისეთი პათოსისგან, რომელსაც ჩვენი ოპოზიცია ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლის დრო იყენებდა. არ ვაპირებ ამ ყველაფერში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დავადანაშაულო. ეს არის გამოძიების საგანი და მოთმინებით დაველოდები გამოძიებას, მაგრამ დღემდე არც ერთი ბოლომდე მისული გამოძიება არ მინახავს. მე აუცილებლად უნდა ვისაუბრო შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობაზე. სამწუხაროა, რომ მომხდარიდან ძალიან მალე შს სამინისტრო გარდაცვლილის დისკრედიტაციას შეეცადა და ამ მიზნით განცხადება გაავრცელა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ დარბაზში მსხდომი ადამიანებისგანაც კი მოვისმენე, რომ არსებობდა კამერების ჩანაწერები, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ კამერების ჩანაწერების მხოლოდ ფრაგმენტები გვაჩვენეს და ძირითადი მომენტები, რასაც შეეძლო ამ ტრაგიკული შემთხვევისათვის ნათელი მოეფინა, ჩვენ ვერ ვნახეთ, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მასალის გამოქვეყნებამდე მოხდა ჩარევა და მონტაჟი, თუმცა ესეც აუცილებლად არის გამოძიების საგანი”, – აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.