საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „დოიჩე ველესთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთში აგრესიული განვითარების პერიოდები და შედარებით კონსტრუქციული პერიოდები ერთმანეთს ენაცვლება, შესასაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ქვეყანა შესაბამის ისტორიულ მომენტს უნდა დაელოდოს.
მარველაშვილი ამბობს, რომ საქართველო ოკუპირებული რეგიონების რეინტეგრაციისთვის, სიფრთხილე და მოთმინებაა საჭირო. მისი აზრით, ქვეყანა საკმაოდ ფრთხილად უნდა იყოს, რათა რუსეთის პროვოკაციაზე არ წამოეგოს. მარგველაშვილის აზრით, ისტორიული მომენტი იყო, როდესაც ბერლინის კედელი დაინგრა და საქართველოც მსგავს მოვლენას უნდა დაელოდოს. მისი აზრით, მავთულხლართები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბერლინის კედლის ანალოგია.
„ჩვენ საქმე გვაქვს რუსეთთან, ამიტომ, სიფრთხილე და მოთმინება გვმართებს. რუსეთი ჩრდილოელი მეზობელი და მსხვილი ბირთვული სახელმწიფოა, ამიტომ, მნიშვნელოვანია პროვოკაციებზე არ წამოვეგოთ. ფრთხილი მოქმედება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რუსეთთან კონფლიქტებს უნდა მოვერიდოთ.
ბერლინის კედლის დაცემა იყო მომენტი, როდესაც ევროპელებს გაუჩნდათ შანსი ხელოვნურად გავლილი საზღვრები მოეშალათ. სანამ ასეთი მომენტი დადგება, ჩვენ ქვეყნის ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ, განვავითაროთ კონტაქტები ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან და უზრუნველვყოთ სტაბილურობა იმ ისტორიული მომენტისთვის, რომელსაც ჩვენ ველოდებით“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

