სამშენებლო კომპანია “სალვუს დეველოპმენტის” მფლობელმა გიორგი სოზაშვილმა წუხელ, საგამოძიებო განყოფილების დატოვების შემდეგ, განცხადება გააკეთა. სოზაშვილის თქმით, პროკურორის ძმასთან მომხდარი დაპირისპირება მხოლოდ ერთადერთი მიზეზით ხდება, რომ ის “რუსთავი 2”-ს აფინანსებს.
მისი თქმით, თებერვალში მის კომპანიაში საგადასახადო ინსპექცია შევიდა, რის შემდეგაც მას ღიად მიანიშნეს, რომ ტელეკომპანიასთან ურთიერთობა შეეწყვიტა და „რუსთავი 2“-ში რეკლამა აღარ განეთავსებინა.
“დამირეკეს და მითხრეს, რომ რადგანაც „რუსთავი 2“-ს ვაფინანსებ, ჩემს წინააღმდეგ ფინანსური პოლიცია ამიტომ გამოიყენეს. ძალიან დიდი შეკვეთა გვქონდა „რუსთავი 2“-ზე. პირდაპირ მითხრეს, რომ ეს ამის გამო კეთდება. ძალიან ვთხოვ ყველას, ბიზნესს ვაცადოთ თავისუფლად საქმის კეთება,” – ამბობს გიორგი სოზაშვილი.
გიორგი სოზაშვილის საგამოძიებო უწყებიდან გამოკითხვის გარეშე, ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ გაათავისუფლეს. ადვოკატის ვარაუდით, სამხილების არ არსებობის გამო, საქმე მალე მთლიანად შეწყდება.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „სალვუს დეველოპმენტის“ ოფისში გუშინ სამართალდამცავები დღის მეორე ნახევრში შევიდნენ.
საგამოძიებო მოქმედებები მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის კლიენტებსა და დირექტორს შორის დაპირისპირება მოხდა.
ათზე მეტი მოქალაქე “სალვუსის” ოფიში მივიდა რათა გაერკვია, რატომ შეჩერდა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ობიექტის მშენებლობა. საუბარი კონფლიქტში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ- ერთი მოქალაქის მტკიცებით მას “სალვუს დეველოპმენტის” დამფუძნებელი იარაღის გამოყენებით დაემუქრა.
ცნობისთვის, დაზარალებული, რომელიც ამტკიცებს, რომ კომპანიის დამფუძნებელი მას იარაღით ემუქრებოდა, რამდენიმე გახმაურებული საქმის პროკურორის, ბექა ეჟიშვილი ძმაა. ინციდენტის შემდეგ ეჟიშვილი „სალვუს დეველოპმენტის” ოფისში სამართალდამცველებთან ერთად მივიდა, ვითარება ადგილზე ძალოვნების გამოჩენის შემდეგ დაიძაბა.
“სალვუს დეველოპმენტში” აცხადებენ, რომ პროკურორმა და მისმა ოჯახის წევრებმა ვითარება განგებ გაამწვავეს, რადგან ხელშეკრულების თანახმად რომელიც კომპანია “სალვუს დეველოპმენტმა” მობინადრეებთან გააფორმა, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კორპუსს მშენებლობა ერთ წელიწადსა და ორ თვეში, 2018 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს, კომპანიას ვადები არ დაურღვევია, შესაბამისად გაუგებარია, რა ფარული მიზნები ჰქონდათ, ჯერ სიტუაციის ესკლაციას და შემდეგ კომპანიის დირექტორი დაკავებას.
გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.