ბერა ივანიშვილმა მისი კუთვნილი სტუდიის აპარატურა, “საზოგადოებრივ მაუწყებელს” აჩუქა.
ამის შესახებ განცხადება ბერა ივანიშვილმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გააკეთა.
“მოგესალმებით ყველას, ამ დღეებში გარკვეული აჟიოტაჟი მოჰყვა პირველი არხის მიერ ჯიდიესის კუთვნილი აპარატურის ქირავნობას და როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება, ცალკეულმა ადამიანებმა სცადეს ამ ფაქტით სპეკულირება. საქმის არსი გახლავთ ის, რომ მას შემდეგ რაც ჯიდიესი შეიძინა ტელეკომპანია იმედმა, ტექნიკის გარკვეული ნაწილი, რომელიც კინოგადაღებებისთვის გამოიყენებოდა, ნასყიდობის ხელშეკრულების მიღმა დარჩა. ჩემთვის ამ ტექნიკის შესახებ არაფერი იყო ცნობილი და მის შესახებ სწორედ ამ აჟიოტაჟის წყალობით შევიტყვე. მე არც ტენდერის შესახებ ვიცოდი და ცხადია, რომ ამით მატერიალური სარგებლის მიღება ჩემს მიზანს არ წარმოადგენდა.
და ბოლოს, რადგან აღმოჩნდა, რომ არსებობს ტექნიკა, რომელიც არ სჭირდება ჩემს სტუდიას, სამაგიეროდ სჭირდება პირველ არხს, მინდა, რომ ეს ტექნიკაც და ყველა სხვა აპარატურა, რომელიც ჩვენს განკარგულებაშია და არ სჭირდება კინოსტუდიას, საჩუქრად გადავცე პირველ არხს”, – წერს ბერა “ფეისბუზე”.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება, ყოფილი პრემიერის – ბიძინა ივანიშვილის შვილის – ბერა ივანიშვილის კომპანიას ორი სხვადასხვა ტენდერის გზით 372 011 ლარს უხდიდა.
23 ოქტომბერს დასრულებული ტენდერის მიხედვით, ბერა ივანიშვილის კომპანიისგან საზოგადოებრივი მაუწყებელი 346 098 ლარად იქირავებს განათებას. მაუწყებელს განათება გადაცემისთვის “აქტუალური თემა 1 არხზე მაკა ცინცაძესთან ერთად” სჭირდება.