„სურსათის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, მსგავსი შემთხვევა, რომ ფაროსანას ჭამის შემდეგ რაიმე სუნი ჰქონოდა დაკლული ინდაურის ან ქათმის ხორცს, არ ყოფილა. თუმცა ამ საკითხმა აჟიოტაჟი რომ არ გამოიწვიოს , ფრინველის დაკვლამდე რამდენიმე დღით ადრე სასურველია, მათ არ ჭამონ ფაროსანა.
„ფრინველები მიირთმევენ მწერებს იმიტომ, რომ მწერები იგივე პროტეინებია. აღმოსავლეთ საქართველოში კალიების გავრცელების დროს ინდაურებს და ქათმებს უშვებენ კალიებთან საბრძოლველად. იმ ინდაურის ან ქათმის ხორცი, რომელიც ფაროსანას ჭამენ, საშიში არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ფაროსანა იგივე ცილაა, რასაც მექსიკაში ადამიანები საჭმელშიც ურევენ და მიირთმევენ. თუ ავიღებთ ღორს, ის უარეს რაღაცებს ჭამს, მაგრამ მისი ხორცი არავის დაუწუნებია. არც ერთი მასალა არ არსებობს იმაზე, რომ ფაროსანა შეეჭამოს ინდაურს ან ქათამს და რაიმე სუნი ჰქონოდეს მათ ხორცს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მითქმა-მოთქმა რომ არ იყოს, დაკვლამდე 10 დღით ადრე ინდაურმა და ქათამმა რომ არ ჭამოს ფაროსანა უკეთესი იქნება“, – განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო-მასალა, სადაც ინდაურები და ქათმები ფაროსნებს ჭამენ, რამაც საზოგადოების ნაწილის ეჭვი, ფრინველის ხორცის სუნის გამო, ასევე ხორცის შესაძლო მომწამვლელობაზეც გამოიწვია.