საქართველოს მთავარ პროკურატურასთან არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ეროვნულმა ალიანსმა” აქცია გამართა.
აქციის მონაწილეები ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილ პაატა პავლიაშვილის საქმეზე, პატრულის სამხრე კამერების გადაღებული კადრების გასაჯაროებას ითხოვენ.
ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
„ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, შეწყდეს „კაგებე“-ს მეთოდების გამოყენება მოქალაქეების წინააღმდეგ. პავლიაშვილის შემთხვევაში, ორი წუთის გარდაცვლილ ადამიანზე გაავრცელეს კადრები, სადაც საუბრობდნენ, რომ თითქოს გარდაცვლილი იყო ტაბლეტების მომხმარებელი და იყო ცუდი ადამიანი. რაც შეეხება პატრულის შემთხვევას, თვითონ პატრულის უფლებებსაც არღვევს შსს, იმიტომ რომ ხელის დაფარება ართულებს სიტუაციას, ყველა პოლიციელის და პატრულის წინააღმდეგ იწვევს აგრესიას. ვითხოვთ პროკურატურისგან, გაასაჯაროოს პატრულის კამერებით გადაღებული კადრები. შეიძლებოდა მღებრიშვილს გამოეჩინა ვაჟკაცობა და პატრულთან ერთად მისულიყო გარდაცვლილის ოჯახში, მოეხადა ბოდიში. ჩემი ინფორმაციით, ამ ინციდენტში მონაწილე პატრული ძალიან განიცდის მომხდარს”, – აღნიშნა გაბედავამ.
შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს, ნუცუბიძეზე 33 წლის მამაკაცი იმ დროს გარდაიცვალა, როცა მას სამართალდამცველები ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ. საქმეზე გამოძიება დაიწყო.
ფოტო: პირველი არხი