ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტყიბულის შახტაში გარდაცვლილის ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარების მოლოდინშია

გუშინ, ტყიბულის შახტაში გარდაცვლილი დავით ფორჩხიძის ოჯახის წევრებს დეტალური ინფორმაცია არ აქვთ, თუ, რა მოხდა რეალურად. ოჯახის თქმით, დავით ფორჩხიძე წამყვანი სპეციალისტი იყო. მას ცხრა წლიანი მუშაობის გამოცდილება ჰქონდა.

ოჯახის წევრები უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საუბრობენ. მათი თქმით, ტექნიკა მწყობრიდან არის გამოსული და უბედური შემთხვევისგან დაზღვეული არავინაა. ოჯახს უკვე შეხვდა კომპანია ”საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის” ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

გარდაცვლილის ოჯახი დახმარებას სახელმწიფოსგან ითხოვს. დავით ფორჩხიძეს სამი შვილი დარჩა და ის ოჯახის ძირითადი მარჩენალი იყო.

გარდაცვლილის ცოლის დამ მარეხი ზარნაძის თქმით, აღნიშნული ფაქტი შახტაში მომხდარი ერთეული შემთხვევა არ არის.

„ბევრი ქალი დაქვრივდა და დაობლდნენ ბავშვები. გუშინ საღამოს ექვს საათზე მოხდა ეს უბედურება. მისი შვილიც იქ მუშაობს და მამის გარდაცვალებას შეესწრო. სურვილი და თხოვნა მექნება, რომ დაეხმარონ. სამი ობოლი დარჩა უპატრონოდ. მის ერთ-ერთ შვილს მაინც არ ჰქონდეს ისეთი სამსახური, რომ შახტაში ჩადიოდეს და ჩვენ ველოდებოდეთ, როდის ამოვა“, – ამბობს მარეხი ზარნაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში დავით ფორჩხიძე გარდაიცვალა. კომპანია ”საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის” ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მიწისქვეშა სამუშოების დროს, სამთო მასის ჩამოშლის გამო მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....