თბილისში, პარლამენტის წინ უფლებადამცველებმა აქცია ნუცუბიძის ქუჩაზე გუშინ მომხდართან დაკავშირებით გამართეს.
მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მიხეილ კაჭკაჭიშვილი დააკავეს. ამ დრომდე აქციის მონაწილეებმა არ იციან თუ სად გადაიყვანეს სამართალდამცველებმა დაკავებული.
აქციის მონაწილეებმა, პროტესტის ნიშნად, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს, რა დროსაც პოლიციამ მიხეილ კაჭკაჭიშვილი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებზე არ საუბრობენ.
აქციის მონაწილეები საქმის ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ და თვლიან, რომ სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს.
შეგახსენებთ, რომ წუხელ, ნუცუბიძის მე-4 პლატოზე ინციდენტი მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი იგინებოდა და ორმა პოლიციელმა მისი დაკავება სცადა. მანამდე კონფლიქტი მოხდა მასსა და მის მეზობელს შორის და როგორც ჩანს, დაღუპული მეზობელზე იყო გაღიზიანებული. დაკავებისას, ხელის გადაგრეხვის დროს, მოქალაქე უცებ წაიქცა და რამდენიმე ხანში გარდაიცვალა.