ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“საქმის გამოუძიებლობა სიცოცხლის უფლების ხელყოფას უდრის”

პარტია “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გუშინდელ, ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ არ უნდა დაირღვეს უდანაშაულობის პრეზუმფცია და შსს-მ გამოძიებისას არ უნდა გამორიცხოს პოლიციელის ბრალეულობა. კახიძის თქმით, შსს-მ ყველა ვერსია უნდა შეისწავლოს.

“როდესაც ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა ხდება განზრახ ან გაუფრთხილებლობით, ამ შემთხვევაში, ცხადია, მტკიცების ტვირთი არის სახელმწიფოს მხარეზე, რადგან როდესაც თავისუფლება აღეკვეთება პირს და მასზე კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო, მტკიცების ტვირთი მოდის სახელმწიფოზე. სახელმწიფომ უნდა დაასაბუთოს, რომ ის არაფერ შუაში არ არის. სიცოცხლის ხელყოფა შეიძლება მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან აქტიურად, ან ხელყოფა იმით, რომ არ გამოიძიებს საქმეს და დატოვებს კითხვებს საგამოძიებო საქმეში. საქმის გამოუძიებლობა უდრის სიცოცხლის უფლების ხელყოფას. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის პასუხს. ამავე დროს უნდა გამოქვეყნდეს ჩანაწერები, რომელიც სამხრე კამერას აქვს გადაღებული. აუცილებლად უნდა გაეცეს კითხვებს პასუხები, რომელიც ეხება ექსპერტიზის თემას და ყველა იმ საეჭვო თემას, რომელიც გროვდება უნდა მოეფინოს ნათელი. ამავე დროს, ჩვენ არ უნდა დავაბრალოთ ვინმეს რაიმე და ამ შემთხვევაში დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმფცია. სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ისეთი ვითარება, როცა შსს წინასწარ გვეუბნება, რომ აქ გამორიცხულია კატეგორიულად პოლიციელის ბრალეულობა. ამის გამორიცხვა არ შეიძლება. უნდა შეისწავლონ ყველა ვერსია. რაც შეეხება ხელისუფლების პასუხისმგებლობას, ის სერიოზულ კითხვებს ტოვებს.” – განაცხადა ოთარ კახიძემ.

კახიძემ სამართალდამცველების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკაც გააკრიტიკა:

“სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება მოქმედებს იმგვარად, რომ როდესაც დასაცავია პოლიციელი, როდესაც პოლიციელს ურტყამენ, მას ასლარიანი ჯარიმით ათავისუფლებენ. კორცხელის შემთხვევა, რომ გავიხსენოთ. ამისთვის არავინ დასჯილა. ამიტომაც ერთ შემთხვევაში, ხელისუფლება პოლიციელების დემორალიზებას ეწვევა, მეორე შემთხვევაში, როცა პოლიციელს ხელისუფლებამ დაავალა ნარკოტიკების ჩადება თუ სხვა დანაშაულებრივი ქმედებისკენ უბიძგა, ამ პირებს სრულ დაუსჯელობის განცდა შეუქმნა და ხელი დააფარა დამნაშავეებს.”- განმარტა კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ წუხელ, ნუცუბიძის მე-4 პლატოზე ინციდენტი მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი იგინებოდა და ორმა პოლიციელმა მისი დაკავება სცადა. მანამდე კონფლიქტი მოხდა მასსა და მის მეზობელს შორის და როგორც ჩანს, დაღუპული მეზობელზე იყო გაღიზიანებული. დაკავებისას, ხელის გადაგრეხვის დროს, მოქალაქე უცებ წაიქცა და რამდენიმე ხანში გარდაიცვალა.

იტვირთბა....