პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ნუცუბიძის ქუჩაზე მოქალაქის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, შესაბამის ორგანოსგან ინფორმაციას ფლობს, თუმცა კილაძის განცხადებით, რთულია საქმის შეფასება მისი სენსიტიურობიდან გამომდინარე.
“მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი. გარდაცვლილი არის ახალგაზრდა ადამიანი და ეს ძალიან მძიმე ფაქტია როგორც ოჯახისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ეს ფაქტი არის სენსიტიური იმ კუთხით, რომ ამ შემთხვევაში ფიგურირებენ პოლიციელები და ეს არის ფაქტი, რომელიც საჭიროებს ძალიან ბევრ ნაბიჯს იმისთვის, რომ დადგინდეს სიმართლე. ამ საქმის მგრძნობელობიდან გამომდინარე საჭიროა ჩვენ, ყველა, დავაკვირდეთ ამ პროცესს ძალიან დიდი დაკვირვებით. საბოლოო დასკვნა როცა დაიდება, შემდეგ უკვე შეგვიძლია გარკვეული შეფასებები გავაკეთოთ. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან მგრძნობიარე თემა არის და რთულია რაიმე დეტალებზე საუბარი.”- განაცხადა სოფო კილაძემ.
სოფო კილაძემ პოლიტიკოსებს, მათ შორის ოპოზიციურ ძალებს მოუწოდა, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის, ადამიანური ტრაგედიის გამოყენებისგან თავი შეიკავონ:
“მე მქონდა კომუნიკაცია შესაბამის ორგანოებთან. ჩემი აზრით, იმისთვის, რომ ეს სპეკულაციები დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ, რასაც დღეს ვისმენთ და გარკვეული ოპოზიციის ძალისგან გაკეთებული კომენატარებით ძალიან შევწუხდი. არ შეიძლება ასე ცალსახად ადამიანებს დააბრალო რამე. საუბარი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასთან დაკავშირებით იყო. პოლიტიკური წრეების მხრიდან და პოლიტიკოსებისგან ეს არაადეკვატურად და არასწორად მიმაჩნია და მიმაჩნია ადამიანის უფლებების დარღვევად, როცა ხელს ადებ ადამიანს. მათ შორის, მე მგონია ესეთი ადამიანური ტრაგედიები, თუნდაც დავუშვათ, რომ გარკვეული სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან იყოს გაუფრთხილებლობით ჩადენილი, ეს ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის არ შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა. მე მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, მათ შორის ვინც ოპოზიციაში არიან, რომ უფრო ფრთხილად მოვეკიდოთ ადამიანების უფლებებს. ყველა ადამიანს აქვს თანაბარი უფლება და ყველა მათგანზე ვრცელდება უდანაშაულობის პრეზუმფცია. ასეთი ტრაგედიების გამოყენება საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის ამორალურია. თუ ჩვენ ადამიანის უფლებები გვაღელვებს, ყველას უფლებები უნდა გვაღელვებდეს.
თუ ჰქონდა რაიმე სამართალდარღვევას ადგილი, ესეც დამტკიცდება და თუ არ ჰქონია – ესეც დამტკიცდება. ძალიან მაღალია საზოგადოების დაინტერესება საკმაოდ ლეგიტიმურად. ჩვენთვის მთავარია გაირკვეს სიმართლე. ჩვენ ვნახეთ მეზობელთა ერთის აზრი და ასევე ვნახეთ მეორის აზრი. ერთი ამბობს რომ პოლიციელმა უფლებამოსილებას გადაამეტა, ხოლო მეორე მიიჩნევს, რომ პოლიციის მხრიდან არ ჰქონია დარღვევას ადგილი. ჩემივე ინფორმაციით პოლიციამაც მიმართა 112-ს და გამოიძახეს სასწრაფო დახმარების მანქანა. გასარკვევია ის თუ როდის შეაფასა პოლიციამ ვითარება. უფრო კარგად არის გამოსაკვლევი ეს საკითხი.” – აღნიშნა კილაძემ.
შეგახსენებთ, რომ წუხელ, ნუცუბიძის მე-4 პლატოზე ინციდენტი მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი იგინებოდა და ორმა პოლიციელმა მისი დაკავება სცადა. მანამდე კონფლიქტი მოხდა მასსა და მის მეზობელს შორის და როგორც ჩანს, დაღუპული მეზობელზე იყო გაღიზიანებული. დაკავებისას, ხელის გადაგრეხვის დროს, მოქალაქე უცებ წაიქცა და რამდენიმე ხანში გარდაიცვალა.