ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგი ფანცულაია: დეკანოზი მეუფე დიმიტრისთან შეხვედრით კმაყოფილია

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ, რომელიც დეკანოზის მოსანახულებლად სასჯელაღსრულების IX პენიტენციური დაწესებულებაში იმყოფებოდა, დაწესებულება დატოვა.

გიორგი ფანცულაიას განცხადებით, საუბარი შეეხებოდა დეკანოზ გიორგი მამალაძესა და სასულიერო პირებს შორის გამართულ დღევანდელ შეხვედრას, თუმცა, მას დეტალები ჟურნალისტებისთვის არ გაუცნობია.

ადვოკატის განცხადებით, მსჯავრდებული დეკანოზი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ზიარების უფლება მიეცემა.

”მეუფე დიმიტრის ვიზიტი არ იყო ფორმალური. ის მართლა დაინტერესებული იყო ბევრი დეტალით და მამა გიორგისგან მიიღო მნიშვნელოვანი პასუხები, თუმცა, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. მამა გიორგი პოზიტიურადაა განწყობილი აღნიშნული შეხვედრის შემდეგ. მას 9 თვის განმავლობაში სურს, რომ გადაწყდეს მისი ზიარების საკითხი და ეს დღესაც დააფიქსირა მეუფესთან შეხვედრის დროს. მას იმედი აქვს და სურვილიც, რომ მისი ზიარება მალე მოხდება”, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

სასჯელაღსრულების IX დაწესებულებაში ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატი გიორგი ფანცულაია დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მანამდე კი დეკანოზი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ და მამა რევაზ სიხარულიძემ მოინახულეს.

იტვირთბა....