“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი თამაზ მეჭიაურის ბრალდებებზე კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, 2012 წლამდე თამაზ მეჭიაური უმუშევარი, სახლში გალოთებული იჯდა, დღე და ღამე სვამდა, მეტს არაფერს აკეთებდა და მან მას შანსი მისცა.
“2012 წელს, როცა ბიძინა გამოჩნდა მეჭიაური იყო ჭაბუა ამირეჯიბის შვილის პარტიაში. ათეულობით ადამიანი დაადასტურებს, თუ რამდენჯერ მთხოვა მან, მიმეყვანა ”ქართულ ოცნებაში”. გელა ხვედელიძე და მამუკა არეშიძე იყვნენ ისინი, ვისაც ვთხოვე, რომ ეს კაცი, მიუხედავად ასეთი წარსულისა და მერყევი იმიჯისა, მიგვეღო და პროცესებში ჩაგვერთო.
ბატონი ბიძინა ყოველთვის გვასწავლიდა, რომ ყოველთვის მიეცით ადამიანს შანსი, რომ გზაზე დადგნენო. თამაზი ჩემს მზეს ფიცულობდა, ძალიან უყვარს ქეიფი, დღე და ღამე ჩემს სადღეგრძელოს სვამდა და შტაბის უფროსად გავამწესეთ ჩემს მშობლიურ თიანეთში. ძალიან კორუმპირებული იმიჯი ჰქონდა.”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ამ ყველაფრის შემდეგ თამაზ მეჭიაური მას და ”ქართულ ოცნებას” აშანტაჟებდა. “კანდიდატად დასახელების ვერ გამოსვლის შემდეგ, ის განაწყენდა და დაგვიწყო შანტაჟი. მე ვხელმძღვანელობდი ბიძინა ივანიშვილის იურიდიულ ჯგუფს და ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია იყო, რომ ყველა პატიოსანი ადამიანი ჩართულიყო პროცესში, ხოლო ყველა კორუმპირებული და შებღალული ადამიანი შედარებით მეორე პლანზე ყოფილიყო. შესაბამისად, მეჭიაურმა აირჩია შანტაჟის გზა ისე, როგორც ახლა, მან მოიპარა ხმები და ახლა ”ქართულ ოცნებას” აბრალებს. დაშანტაჟება იმაში გამოიხატებოდა, რომ თიანეთში წამოაყენა კანდიდატურა და თქვა, რომ თუ სიაში არ ჩამწერთ, ვიმუშავებ იქით, სადაც გამიხარდებაო. ფორმალური კურსელობის გარდა მეჭიაურს და ივანიშვილს არანაირი ძმაკაცობა და ნათესაობა არ აკავშირებთ, სამწუხაროდ, ის ჩემი ნათესავია. ბიძინა ივანიშვილმა ამ შანტაჟის შემდეგ მოიწვია თათბირი. ამ თათბირზე ბიძინამ უთხრა, რა გინდაო და მან თქვა, რომ დეპუტატობა უნდოდა. ამ ვაჭრობის შედეგად მოხვდა ”ქართული ოცნების” პარტიულ სიაში. ეს არის ამ კაცის ჩვენთან მოხვედრის წინაისტორია”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
“დადის ახლა თიანეთში და გვლანძღავს, მეტს არაფერს აკეთებს. 15 წელი იყო პრეფექტი, რაიკომის მდივანი, ორჯერ იყო მაჟორიტარი დეპუტატი”. – ამბობს ქუცნაშვილი და ამატებს, რომ მეჭიაური ადრე ბევრ კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, თამაზ მეჭიაური, რომელიც თიანეთში მაჟორიტარად იყრიდა კენჭს, ოფიციალურად, რამდენიმე პროცენტით წააგო და ის არჩევნების გაყალბებაში ქუცნაშვილს ადანაშაულებს.