არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მეჭიაური: ქუცნაშვილი კორუფციის ჭაობში გადაეშვა და ყველაფრის მითვისება დაიწყო, მათ შორის – მიწების

ზაქარია ქუცნაშვილი მე მივიყვანე სპეციალისტად პარლამენტში 1995 წელს და მასზე დიდი წარმოდგენისა არ ვიყავი,- ამის შესახებ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში თიანეთის მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომელიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ის გააყალბა:

“გამარჯვებულად მივიჩნევ თავს, რადგან უამრავი სახელისუფლებო ბერკეტის მიუხედავად, რომელიც ქუცნაშვილის კრიმინალურმა გუნდმა გამოიყენა, მაინც კარგი შედეგები გვქონდა.

ზაქარია ქუცნაშვილი მე მივიყვანე სპეციალისტად პარლამენტში 1995 წელს. მასზე დიდი წარმოდგენისა არ ვიყავი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი კარიერული ამბიციები გამოჩნდა, ამიტომ ის ჩემ გუნდში არ მოიაზრებოდა. 2012 წელს ივანიშვილის გამო აღმოვჩნდით ერთ გუნდში და ბიძინამ მთხოვა, მის სასარგებლოდ მომეხსნა კანდიდატურა. ქუცნაშვილმა მეორედაც დაიკავა ჩემი ადგილი თაღლითურად. ის კორუფციის ჭაობში გადაეშვა და ყველაფრის მითვისება დაიწყო, მათ შორის – მიწების, თიანეთსა და კახეთში.

იმედი მაქვს, რომ გამარჯვებას დავიბრუნებ, რადგან ცალსახაა სიყალბე.

ჩემი წარმომადგენელი არ შეუშვეს ხმების დათვლისას. ერთ-ერთ უბანზე კი მას უთხრეს, რომ თითქოს ბიულეტენებში დარღვევები იყო და თავიდან უნდა გადაეთვალათ. თავიდან გადათვლის მერე კი აღმოჩნდა, რომ ჩემ მოწინააღმდეგეს მიუღია თურმე ხმები… თქვენ თავად განსაჯეთ, რა მოხდა.

მე რომ ბოლომდე არ მივყვე ამას, ხალხი არ მაპატიებს. “-განაცხადა მეჭიაურმა.

მისი თქმით, ამ საქმეს სასამართლოში გააგრძელებს.

“მეტრონომი” ზაქარია ქუცნაშვილს დაუკავშირდა კომენტარისთვის, თუმცა მან განაცხადა, რომ ქვისლის სამძიმარზე იმყოფებოდა და ამიტომ, ამ ბრალდებებზე განცხადებას მოგვიანებით გააკეთებდა.

თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში თიანეთში, ოცივე საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, თამაზ მეჭიაურმა 3077 ხმა მიიღო და “ქართული ოცნების” კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს 7 ხმით მოუგო, თუმცა თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ბათილად ცნობილი ბიულეტენები აღდგა და ბოლო მონაცემებით, მერობის კანდადატს თამაზ მეჭიაურს მიღებული აქვს ამომრჩევლეთა ხმების 49.97% (3077 ხმა), ხოლო “ქართული ოცნების“ კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს – 50.03% (3081 ხმა).

ამასთან დაკავშრებით საკუთარი ეჭვები გამოთქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა და აღნიშნა, რომ თიანეთის შედეგები კითხვებს ბადებს:

“ნამდვილად ეს არის გამონაკლისი, დანარჩენი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე არჩევნები ჩატარდა საკმაოდ ობიექტურად. აქ ნამდვილად არის კითხვები დარჩენილი და ვფიქრობ, რომ ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ არსებობს გარკვეული ეჭვი ხარვეზებთან დაკავშირებით, კანდიდატებმა უნდა მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას ან – სასამართლოს.

იტვირთბა....