“მეტრონომის” ექსკლუზიური ინტერვიუ ყოფილ პოლიციელთან, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციელი დღეს დაუცველია
ადვოკატის ცემაში ბარლდებულ პოლიციის სამმართველოს ყოფილ უფროსს, ლაშა კვირკვაიას დღეს სასამართლომ 10 ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა. ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილების ყოფილი უფროსი „მეტრონომთან“ მისი საქმის ირგვლივ არსებულ მტკიცებულებებზე და მოსმართლის გადაწყვეტილებაზე საუბრობს. კვირკვაია ამბობს, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა, რომელიც მის ბრალეულობას დაამტკიცებდა.
მისი თქმით, მოსამართლე იძულებული გახდა, მისთვის ძალადობის მუხლი გადაეკვალიფიცირებინა. სამმართველოს ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ ის სისტემამ გაწირა და თავის ტკივილი მისი თავიდან მოშორებით აირიდა. ყოფილი სამართალდამცავი ამბობს, რომ დღეს პოლიციელი ყველაზე დაუცველია და ბევრ საქმეზე ხელის შეწმენდა რიგით სამართალდამცავზე ხდება.
შეგახსენებთ, კვირკვაიას ბრალად ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ ძალადობა ედებოდა. სასამართლომ ბრალდების მუხლი გადააკვალიფიცირა და დამნაშავედ მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტებაში სცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, კვირკვაიას საქმეში ძალადობის ფაქტი არ დასტურდება. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში კვირკვაიას 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
დღევანდელ პროცესს დაზარალებული ადვოკატი, გიორგი მდინარაძეც დაესწრო, რომელიც ლაშა კვირკვაიას ცემაში ადანაშაულებს. ის დღეს, გამამტყუნებელ განაჩენს ელოდა. მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას ორივე მხარე გეგმავს.
„მეტრონომი“: ელოდით თუ არა, რომ მოსამართლე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა და რამდენად სამართლიანია მის მიერ გამოტანილი განაჩენი?
ლაშა კვირკვაია: ეს გადაწყვეტილება არ იყო სამართლიანი, რადგანაც საქმეში არ არსებობდა მტკიცებულებები, რაც ჩემს ბრალეულობას დაამტკიცებდა. ყველა მტკიცებულობა, რაც საქმის ირგვლივ არსებობდა, მხოლოდ და მხოლოდ ჩემს უდანაშაულობას ამტკიცებდა. ეს იყო ექსპერტიზის დასკვნები, ასევე ვიდეოჩანაწერები და მოწმეთა ჩვენებები, სადაც ცალსახად მტკიცდებოდა, რომ მე ადვოკატი არ მიცემია და მან თვითდაზიანებები თავადვე მიიყენა.
ბრალდებული მხარის მტკიცებულება მხოლოდ, მდინარაძის, მისი ცოლის და ვიღაც მძარცველის ჩვენება იყო, რომელმაც ვითომდა ხმა გაიგონა, როგორ ვაყენებდი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ადვოკატს. თუმცა, ყველაზე სასაცილო ის არის, რომ არ არსებობს საქმეში იმის ვიდეომტკიცებულება, რომ ეს მძარცველი იქ იმ დროს, ნამდვილად იმყოფებოდა.
– თუ საქმეში არ არსებობდა იმის მტკიცებულებები, რომ თქვენ ადვოკატზე იძალადეთ, მაშინ მოსამართლემ რატომ ჩათვალა, რომ თქვენ თანამდებობრივ უფლებამოსილებას გადაამეტეთ?
– დღეს კვირკვაია სასამართლო დარბაზიდან სრულად გამართლებული არ უნდა გასულიყო. შესაბამისად, მოსამართლემ, არ მინდა უმადური ვიყო, არ გარისკა, რომ უდანაშაულო ადამიანი ციხეში გაეშვა, ამიტომ გადააკვალიფიცირა, ძალადობა სრულიად მომიხსნა და პირდაპირ თავისი სიტყვებით თქვა, რომ კვირკაია მოძალადე პოლიციელი არ არისო.
დამიტოვა პირველი ნაწილი, რომელიც უფლებამოსილების გადაჭარბებას გულისხმობს და 3 წლით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. აქაც შეეძლო, რომ პირობითი მოეცა ან სამსახურის დაკავების უფლება შეეზღუდა. არაფერი პირდაპირ 10 000 ლარიანი ჯარიმა შემიფარდა. მთლად მაგდენიც ვერ გაბედა, რომ მე სასამართლოდან სრულად გამართლებული გამოვსულიყავი.
თუმცა, ეს ძალიან მალე მოხდება და ამ გადაწყვეტიელბას გავასაჩივრებ. მედავებიან უფლებამოსილების გადაჭარბებას და რითი გადავაჭარბე თუ ძალადობაში ბრალდებული არ აღმოვჩნდი? მოსამართლე ამბობს, რომ მოძალადე არ ვარ, არ მიცემია ადამიანი, აბა რატომ გადავამეტე უფლებამოსილებას?
არალოგიკური და ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილებაა. პირიქით, მოსამართლემ თქვა, რომ ადვოკატის ქცევას შესაბამისი ყურადღება და შეფასება უნდა მიეცეს. თუ ადმინისტრაციული კოდექსი და პოლიციის შესახებ კანონი დავარღვიე, მაშინ ადმინისტრაციული წესით უნდა მედავონ, ან გენისპექციას უნდა ჩაეტარებინა მოკვლევა თუ პოლიციის შესახებ კანონი მაქვს დარღვეული. სისხლის სამართლის კოდექსით აბა რატომ მედავებიან ვერ გავიგე.
– ფაქტია ორი წელია რაც გამოძიება მიდის და სასამართლოში პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნაც ვერ წარმოადგინა, რომ თქვენ ადვოკატი ცემეთ. თუ ასეთი ნათელი იყო თქვენი უდანაშაულობა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რატომ ვერ შეძლო თქვენი დაცვა?
– შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჩემი ბარლეულობის დასადგენად მოკვლევაც კი არ ჩატარებულა. ამ ფაქტზე თავიდან გიორგი მდინარაძემ გენისპექციას მიმართა და მათ თქვეს, რომ მოკვლევა დაიწყეს. თუმცა, ეს მოკვლევა ბუნებაში არავის უნახავს. როდესაც მეორე დღეს დამიბარეს უწყებაში, პირდაპირ საუბარში მითხრეს, რომ ვიცით რა და როგორ იყო და ვინც არის ეს ადვოკატი, მაგრამ როგორ გინდა, რომ ამ ხალხს შენი უდანაშაულობა დავუმტკიცოთო. ახლა, ეს თემა ტელევიზიებიდან არ ჩამოვაო. მითხრეს ხალხი ჩვენსას ნაკლებად დაიჯერებს.
ხელისუფლებას ყოველთვის სალაპარაკოდ ჰქონდა, რომ სააკაშვილის მმართველობის რეჟიმი სისხლიან 9 წელს ითვლიდა. ამ 9 წლის და ვანო მერაბიშვილის ხსენებაზე, პატივცემული პოლიტიკური ოპონენტები მთავრობის წარმომადგენლებს წამოაძახებდნენ, რომ მათ დროს პოლიციის სამმართველოს უფროსმა ადვოკატი ცემა. მათ კი, ამის გამო, თავის მართლება მოუწევდათ.
თუ ესენი ეტყოდნენ, რომ ჩვენ გამოძიება ჩავატარეთ და ადვოკატმა თვითდაზიანებები მიიყენა, ესენი ეტყოდნენ, რომელი გამოძიება, შოთაძემ რომ ჩაატარა. ამიტომ მარტივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უპატრონო კვირკვაიას გამო, სახელმწიფო ინსტიტუტებს დარტყმას ნუ მივაყენებთ. გამწირეს და სასამართლოს მიუგდეს ჩემი თავი. თავად კი დიდი თავის ტკივილი თავიდან მოიცილეს. თუ ვინმე წამოაძახებდათ, ეტყოდნენ, რომ ჩვენ ეს ადამიანი დავსაჯეთ და მასზე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. სისტემა ყოველთვის წირავს ადამიანებს, როდესაც ეს მას სჭირდება.
ადვოკატმა დაკავებისას ჩემს პოლიცილებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზიანებები მან სწორედ დაკავებისას მიიღო. ის პოლიციელებს თავს დაესხა. ამ ექსპერტიზის დასკვნები არსებობს. ჩემს თანამშრომლებს არანაკლები დაზიანებები ჰქონდათ. უბრალოდ, ისინი ტელევიზიებში არ მიმიყვანია და ხალხისთვის არ მიჩვენებია. ეს საქმეში დევს და მოსამართლეს ჩვენ მტკიცებულებების სახით წარვუდგინეთ.
მდინარაძე მსგავსი ქმედებებისთვის სამჯერ არის დაკავებული. პირველად ის 2007 წელს პროკურორი იყო და ხულიგნობის მუხლით დააკავეს. 2011 წელს კი სახაზინო ადვოკატი და წვრილმან ხულიგნობაზე დაიჭირეს. 2015 წელს კი ჩვენ დავაკავეთ, რადგანაც პოლიციას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სამივე მისი დაკავება მძიმე დაზიანებებით დასრულდა, რადგანაც ის ამას თავად აკეთებდა. ადვოკატს თვითგადარჩენის მექანიზმი აქვს, რომ ის ყოველთვის პოლიციელების წინააღმდეგ პროვოკაციულ ქმედებებშია შემჩნეული.
ადვოკატი 2011 წელს პატრულის მანქანის ქვეშ თავად შეძვრა და განაცხადა, რომ პოლიციელებმა მანქანის დაჯახება სცადეს. ის ორივე შემთხვევაში ჩემამდე სასამართლომ გაამტყუნა. მას არამდგრადი ფსიქიკა აქვს.
– თქვენი საქმიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში პოლიციელი დაუცველია? რას აპირებთ ახლა?
– ახლა თანამდებობა ჩემთვის მეორეხარისხოვანია. ბოლომდე ვაპირებ ვიბრძოლო, რომ ჩემი შელახული რეპუტაცია აღსდგეს. რომც შემომთავაზონ სისტემაში დაბრუნებას აღარ ვაპირებ. ჩემთვის ახლა მთავარია, რომ სიმართლე ბოლომდე დავამტკიცო. 90%-ით დამტკიცდა, რომ ადვოკატი არ მიცემია. დარჩენილი 10%-ის დასამტკიცებლად ვიბრძოლებ.
პოლიციელი დღეს და ადრეც დაუცველი იყო, ის ყველაზე მოწყვლადია. იმ ბონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე რაშიც ისინი იმყოფებიან. პოლიციელები სამსახურში ცხოვრობენ, სადაც კაპიკებს უხდიან. მთავარი ის არის, რომ უამრავ საქმეზე პოლიციელზე ხელის შეწმენდა ხდება. ამას საზოგადოებაც იტაცებს, რიგითი პოლიციელის ლანძღვა ყველას უადვილდება. თუ სისტემაში რამე პრობლემაა, ეს მხოლოდ სათავიდან მოდის.
ავტორი: ელზა პაპოშვილი